ყაზახური Freedom Holding საქართველოს საფინანსო ბაზარზე შემოსვლითაა დაინტერესებული - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს.
როგორც BMG-ის ნათია თურნავამ განუცხადა, ჰოლდინგის წარმომადგენლებთან შეხვედრა ვაშინგტონში მიმდინარე სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ვიზიტისასაც შედგა.
თურნავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჰოლდინგი ეროვნულ ბანკში საბანკო ლიცენზიაზე განაცხადის შესატანად ემზადება. მისი თქმით, შესაბამისი ნებართვა ჰოლდინგმა საკუთარი მარეგულირებლისგან უკვე მიიღო.
„ფორმალურად ჯერჯერობით [საბანკო ლიცენზიაზე] განაცხადი შემოტანილი არ არის, მაგრამ მათ შექმნეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონტაქტში არის ეროვნული ბანკის შესაბამის დეპარტამენტებთან და ამზადებენ განაცხადს. ვიდრე არ იქნება საბოლოოდ შემოტანილი განაცხადი, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს აუცილებლად შედგება, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ მათ საკუთარი რეგულატორისგან თავის ქვეყანაში უკვე მიიღეს ამაზე თანხმობა. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთი უცხოური, რეგიონალური ბანკი გაჩნდება ჩვენთან. ჯერჯერობით ოფიციალური განაცხადი არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდ რესურსს ანდომებენ იმას, რომ მოამზადონ განაცხადი. აქაც [ვაშინგტონში, IMF-ის საგაზაფხულო შეხვედრებზე] კი მოვახერხეთ მათთან შეხვედრა, მათი ინიციატივით, ასე რომ ინტერესი არის გამოხატული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, ყაზახური Freedom Holding აშშ-ში, ნევადაში დაფუძნებულია. მისი სათავო ოფისი კი ყაზახეთში, ალმათიში მდებარეობს. იმაზე, რომ ჰოლდინგი საქართველოში შემოსვლით იყო დაინტერესებული, გასულ პერიოდში თავად ყაზახური მედიაც წერდა.




























