ქართული ყველის ისტორიისა და ტრადიციის აღდგენა - სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი, რომლის განხორციელებასაც წელს კომპანია "გუდვილი"იწყებს. კომპანიამ თანამშრომლობა ყველის ისტორიის მკვლევართან, ანა მიქაძესთან დაიწყო, რომლის დახმარებითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ისეთი ფერმერების აღმოჩენას გეგმავენ, რომლებსაც ქართველი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.
როგორც "გუდვილის" მარკეტინგის ხელმძღვანელი, გურანდა არჩუაძე bm.ge-სთან განმარტავს, აღნიშნული პროექტი "გუდვილის" მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ქართული ყველის მრავალფეროვან პალიტრას გაეცნოს და როგორც მივიწყებული, ისე აქამდე უცნობი სახეობები დააგემოვნოს.
"ანა მიქაძესთან ერთად ჩვენი წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩავლენ და სხვადასხვა ფერმერებს ესტუმრებიან. მათი პროდუქტები ლაბორატორიულ შემოწმებას "გუდვილის" ლაბორატორიებში გაივლიან და ამის შემდეგ ისინი ჩვენს დახლებზე მოხვდება.
ეს არ ეხება მხოლოდ ყველის მიმართულებას. "გუდვილი" უკვე 20 წელია ფერმერების აქტიური მხარდამჭერია და ცხადია, ამ ტენდენციას წელსაც მივყვებით. ყველა მიმართულებით, იქნება ეს ხორცი თუ ხილ-ბოსტნეული, ქართველი ფერმერების მხარდაჭერა 2024 წელსაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა. მომხმარებელს ვთავაზობთ იმ ფერმერულ პროდუქტს, რაც მათთვის უსაფრთხოა. ნებისმიერი ჩვენი პროდუქტი ლაბორატორიულად შემოწმებულია", - აღნიშნავს გურანდა არჩუაძე.
"გუდვილის" მარკეტინგის ხელმძღვანელის განმარტებით სწორედ ქართული, ნატურალური პროდუქტი არის იმის წინაპირობა, რომ ლოიალური მომხმარებლებისა და გაყიდვების მაჩვენებელი ყოველწლიურად ზრდის ტენდენციას აფიქსირებს. მისი თქმით, გამონაკლისი არც 2023 წელი იყო, რომელიც კომპანიამ ზრდის 20%-იანი მაჩვენებლით დახურა.
"2023 წელი ჩვენთვის საკმაოდ აქტიური იყო, რადგან სიახლე საკმაოდ ბევრი მიმართულებით გვაქვს. ეს ეხება სხვადასხვა ბრენდებთან ექსკლუზიურ თანამშრომლობის დაწყებას, მათ შორის არის იტალიური ბრენდი Coop. ეს ექსკლუზიური პროდუქტები საკმაოდ მოთხოვნადია. "გუდვილისთვის" მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად იყოს გამორჩეული და მომხმარებელს ისეთი პროდუქტი შევთავაზოთ, რასაც სხვაგან ვერ ნახავს", - ამბობს "გუდვილის" მარკეტინგის ხელმძღვანელი გურანდა არჩუაძე.
ცნობისთვის: "გუდვილი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 8 სუპერმარკეტს აერთიანებს, აქედან 7 ფილიალი თბილისში, ხოლო ერთი ბათუმშია. ყველა ფილიალში ჯამურად კომპანია 1500-მდე ადამიანს ასაქმებს.