მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვინდა, რძის წარმადობა 100%-ით გავზარდოთ" - "რანჩო გარდაბანი"

რანჩო გარდაბანი

გარდაბანში მდებარე ფერმერული მეურნეობა შპს "რანჩო გარდაბანი" მიმდინარე წელს რძის წარმადობის 100%-ით გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, არმაზ ხარძიანმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ფერმაში ჯამში დაახლოებით 200 სული პირუტყვია თავმოყრილი - როგორც მეწველი, ისე მოზარდი და ხბოები. თუმცა, უკვე თებერვლის ბოლოდან მეურნეობა დამატებით 45–50 სული შვიცის ჯიშის მაკე საქონლის შემოყვანას გეგმავს, რაც წარმოების არსებით ზრდას უნდა დაედოს საფუძვლად.

"2026-ის გეგმა არის ის, რომ თებერვლის ბოლომდე ჩამოგვყავს კიდევ 45–50 სული შვიცი, მაკე საქონელი. ეს ნიშნავს, რომ ამ 40–50 სულიდან დღეში უნდა დავიმატოთ მინიმუმ 800 ლიტრი რძე. ანუ, დღეს თუ ჩვენი წარმადობა 800 ლიტრ რძეს შეადგენს, გვინდა, რომ გავაორმაგოთ", - ამბობს არმაზ ხარძიანი.

მისი განმარტებით, ფერმაში არსებული პირუტყვი ძირითადად იმპორტირებულია რუსეთიდან, არჩევანი კი ამ ბაზარზე ფასის და ლოგისტიკის გამო გაკეთდა.

„პირუტყვის იმპორტს რუსეთიდან უზრუნველვყოფთ, რადგან ბევრად იაფი ჯდება და ჯიში იგივეა. ჩვენი ვეტექიმი მიდის, პირუტყვს ადგილზე ამოწმებს და სწრაფად ჩამოჰყავს. შვეიცარიიდან ან ჰოლანდიიდან ჩამოყვანას მინიმუმ სამი თვე სჭირდება, რუსეთიდან კი, ორ კვირაში ჩამოდის“, - განმარტავს ის.

ხარძიანის თქმით, პირუტყვის განახლება და წარმოების ზრდა კომპანიას დაახლოებით 400 000 ლარი უჯდება, თუმცა ინვესტიცია აუცილებელია, რადგან ბაზარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება ნატურალური რძის მიწოდებას: „რძეზე მოთხოვნა უზარმაზარია, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში გაყიდული რძის პროდუქტების 87% ფხვნილისგან არის დამზადებული, ხოლო ნატურალური რძე ძალიან მცირე წილს იკავებს“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი და დასძენს, რომ პრობლემას ნატურალური რძის დაბალი შესყიდვის ფასიც წარმოადგენს, განსაკუთრებით მსხვილი გადამმუშავებელი კომპანიების მხრიდან.

„ნატურალურ რძეს ძალიან იაფად იბარებენ - 1 ლარი და 60, 1 ლარი და 65 თეთრი. მაშინ, როცა მაღაზიაში 1 ლიტრ რძეს 6 ლარი აწერია. მეტყვიან პასტერიზაციაა, შეფუთვაა და ასე შემდეგ, მაგრამ ხომ არ შეიძლება დახლზე ოთხმაგი ფასი დაადო?“, - ამბობს ხარძიანი.

ამ ფონზე შპს „რანჩო გარდაბანმა“ ალტერნატიული პარტნიორის მოძიება დაიწყო და, როგორც თავად ამბობს, უკვე იპოვა კომპანია, რომელიც ნატურალურ რძეზე მუშაობს და სამართლიან ფასსაც სთავაზობს ფერმერებს.

„ვიპოვეთ კომპანია სახელად „მილკენი“ რომელსაც მოსწონს ჩვენი რძე, არ მუშაობს ძალიან დიდ წარმადობაზე და აკეთებს ყველაფერს ნატურალურს. მათთან ლიტრ რძეს 2 ლარად ვაბარებთ“, - აცხადებს არმაზ ხარძიანი.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, სწორედ სტაბილური პარტნიორობა და წარმოების ზრდა უნდა გახდეს ის საფუძველი, რომელიც ფერმერულ მეურნეობას მომავალში უფრო მდგრადსა და კონკურენტუნარიანს გახდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები