მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვინდა, რომ სავაჭრო ცენტრებში სტენდები განვათავსოთ, მაგრამ სირთულეებს ვაწყდებით" - „თამაშობანა“

63fc6cfebf0c3
თინათინ ნატმელაძე
28.02.23 09:30
931
სამაგიდო თამაშების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „თამაშობანას“ დამფუძნებელი ნაუ სონღულაშვილი BM.GE-თან იმ გამოწვევების შესახებ საუბრობს, რომელსაც პროდუქტის რეალიზების პროცესში აწყდებიან.

მისი ცნობით, ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება სავაჭრო ცენტრებში შესვლა და იქ სტენდების განთავსებაა.

„გვინდა, რომ წლის ბოლომდე სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში ჩვენი სტენდები განვათავსოთ, მაგრამ აქ მნიშვნელოვან სირთულეებს ვაწყდებით, რადგან რამდენიმე ცენტრში საერთაშორისო ბრენდები გვბლოკავენ. ისინი ისეთი მოლაპარაკებით არიან შემოსული, რომ მათ გარდა ამ კონკრეტულ სავაჭრო ცენტრში სათამაშოების მაღაზია არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქსელური მაღაზიები იყო მანამდე, რატომღაც „თამამშობანაზე“ სულ პრობლემაა. ამ დროს კი სტენდების განთავსება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დავტესტეთ და ასე ბევრად უკეთ მუშაობს ბიზნესი.

მიუხედავად ამისა ვერ ვიტყვით, რომ იმპორიტრებული პროდუქტები ჩვენი კონკურენტები არიან, რადგან ჩვენ სამაგიდო თამაშებს ქართულ ენაზე ვქმნით, რაც ქართველი მომხმარებლებისთვის ბევრად უფრო საინტერესოა. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი პროდუქცია ზუსტად ისეთივე ხარისხისაა, როგორიც იმპორტირებული და მიუხედავად ამისა, ჩვენი საფასური მათზე 30%-ით ნაკლებია.“ - განაცხადა ნაუ სონღულაშვილმა.

„თამაშობანას“ დამფუძნებელი მეორე გამოწვევად პროდუქციის ქსელურ მარკეტებში რეალიზებას ასახელებს და ამბობს, რომ თუ პანდემიამდე მათი სამაგიდო თამაშები 350-მდე ქსელურ მარკეტში იყო წარმოდგენილი, ახლა ამ მაღაზიებში დაბრუნებას ძალიან დიდი სიფრთხილით უდგებიან.

„ქსელური მარკეტებიდან პანდემიის დაწყების შემდეგ გამოვედით, ბევრი მიზეზი იყო ამისთვის - პირველ რიგში მარაგების კონტროლი გვიჭირდა, ამას ისიც ემატებოდა, რომ ეს მაღაზიები ხშირად ჩვენი გაყიდული პროდუქციის საფასურის გადახდას აგვიანებდნენ, რაც პატარა კომპანიისთვის ძალიან დიდი ზიანია, რადგან ჩვენ თანხა მარაგების შესავსებად და წარმოების გასაგრძელებლად გვჭირდება.

აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე ახლა ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამ ქსელებში დაბრუნებას, თუმცა ვფიქრობთ, რომ „ბიბლუსის“ ქსელში ისევ გამოვჩნდებით.“ - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, „თამაშობანა“ 2015 წელს შეიქმნა, კომპანია ამჟამად 15 სახეობის სამაგიდო თამაშს ქმნის. წლიური წარმადობა 7 000 ერთეულია.

საქართველოში წარმოებული სამაგიდო თამაშების შეძენა თავად კომპანიის კონცეპტუალურ მაღაზიაში და ონლაინ გამოწერის საშუალებითაა შესაძლებელი, მიმდინარე წლის ბოლოს კი ახალი, უფრო მასშტაბური სივრცეც დაემატება.

„თამაშობანა“ სრულ განაკვეთზე 10 ადამიანს ასაქმებს, ხოლო ნახევარ განაკვეთზე 40-50-ს, ხოლო წლის ბოლომდე სრულ განაკვეთზე დასაქმებული კადრების 30-მდე გაზრდა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები