მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects საქართველოში, CITYZEN-თან თანამშრომლობით პირველ პროექტს განახორციელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მრავალფუნქციური თაუერის მშენებლობა თბილისში არქიტექტურის და ქალაქის განვითარების ახალი სტანდარტების დაწესებას ისახავს მიზანს.
Zaha Hadid Architects-ის დირექტორი მანუელა გატო BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მათთვის თბილისში აღნიშნული პროექტი პირველია და კომპანია შეეცდება ქალაქის არქიტექტურაში ახალი სიტყვა თქვას, რომელიც წარსულიდან მოდის.
Zaha Hadid Architects-ის დირექტორმა თბილისში თაუერის პროექტირებაზე Cityzen-თან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 27 ივნისს მოაწერა, რომელიც კავკასიაში პირველი მრავალფუნქციური თაუერის აშენებას ითვალისწინებს.
კომპანიის დირექტორი მანუელა გატო BMG-სთან თბილისის არქიტექტურულ თავისებურებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პირველი პროექტის წარმატებას მისი კონტექსტზე მორგება განსაზღვრავს.
- მოგესალმებით, მანუელა. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და რომ პასუხობთ ჩემს კითხვებს. ჩვენი საუბარი საქართველოში თქვენი ვიზიტის მიზნებით დავიწყოთ – რატომ ჩამოხვედით თბილისში, პირველად ხართ თუ არა ჩვენს ქალაქში და რა შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე თბილისი?
თბილისში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. მიყვარს ეს ქალაქი. მიყვარს აქ დაბრუნება. ძალიან სტუმართმოყვარე ქალაქია. განსაკუთრებით ბედნიერი დღეები გაქვთ ახლა – ფეხბურთის გამო. კარგი დამთხვევა იყო, რომ ამ დროს აღმოვჩნდი ამ ქალაქში. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ხელი მოვაწეროთ ჩვენს პირველ კონტრაქტს პირველი პროექტისთვის თბილისში.
- როგორი პროექტი იქნება და რატომ თბილისი?
როგორც უკვე ვთქვი, თბილისში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ძალიან მინდოდა, რომ აქ პროექტი გვქონოდა. მიყვარს საქართველო და მომწონს თბილისის არქიტექტურა. ჩვენ როგორც კომპანიას ყოველთვის გვქონდა ძლიერი აფილირება მოდერნისტულ არქიტექტურასთან და თბილისში ამ ტიპის არქიტექტურა უხვადაა წარმოდგენილი – სპეციფიკური და უნიკალური არქიტექტურა. მიმაჩნია და ჩვენს კომპანიასაც მიაჩნია, რომ ჩვენი პროექტი კარგად მოერგება თბილისის კონტექსტს. ერთი წლის წინ მქონდა პირველი შეხვედრა CITYZEN-თან. სწორედ მაშინ დავიწყეთ საუბარი შესაძლო თანამშრომლობაზე და რა თქმა უნდა, როცა ვიწყებთ საუბარს დეველოპერებთან, კერძო სექტორთან – ყოველთვის ვცდილობთ დავადგინოთ, რამდენად კარგი პარტნიორები იქნებიან ჩვენთვის, რამდენად მოვერგებით ერთმანეთს. უკვე დავრწმუნდი, რომ ეს ასეც იქნება – ახალგაზრდა და დინამიკური კომპანიაა და ვგრძნობ, რომ კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია დეველოპერისთვის საუკეთესო არქიტექტურაში ინვესტირება.
- რამდენად რთულია ასეთ ურთიერთობებში ხელოვნებაც შეინარჩუნოთ და ბიზნესიც აწარმოოთ?
რამდენიმე წლის წინ ჩვენ მხოლოდ საჯარო პროექტებს ვკიდებდით ხელს. ჩვენი განვითარების ადრეულ ეტაპზე ძირითადად მუზეუმების, საკონცერტო დარბაზების დიზაინს ვქმნიდით. რაღაც მომენტში ჩვენმა სამუშაომ ევოლუცია განიცადა. დავიწყეთ კერძო სექტორთან, კერძო დეველოპერებთან თანამშრომლობა და აღმოვაჩინეთ, რომ თუ სწორ პარტნიორებს ვარჩევთ, ხარისხის და დიზაინის შენარჩუნებას ვახერხებთ ისეთ პროექტებშიც, რომლებიც უნდა გაიყიდოს და შემოსავალი მოიტანოს. ვიცით, რომ კარგი არქიტექტურის მიმართ მოსახლეობის აპეტიტი მაღალია. დიახ, ეს ინვესტიციაა. თუმცა აუცილებლად აქვს უკუგება – სწორედ ამ სიყვარულის გამო კარგი არქიტექტურის მიმართ.
- როგორ განმარტავთ ზაჰა ჰადიდის სტუდიის სტანდარტს?
ზაჰა ჰადიდს ყოველთვის უმაღლესი სტანდარტი ეჭირა, ყველაფერში. ამ ნაწილში ის ძალიან მომთხოვნი იყო, დიდ ყურადღებას აქცევდა თანამშრომლების შერჩევას, მათ მიერ მიღწეულ შედეგებს და ეს ყველაფერი ჩვენი პროექტების მაღალ ხარისხში ითარგმნებოდა. ჩვენ არ ვართ იმ ტიპის კომპანია, რომელიც მხოლოდ მიმზიდველ, სანახაობრივ შენობებს ვქმნით. ჩვენ მათ ასე არც ვუწოდებთ. ჩვენ გვსურს, შევქმნათ განსაკუთრებული მნიშვნელობის სიმბოლოები – და ეს გავაკეთოთ საქმის ბოლომდე მიყვანით – დიზაინის მომზადებით, კლიენტებთან და ადგილობრივ არქიტექტორებთან მუშაობით იმისთვის, რომ პროექტი უმაღლესი ხარისხით ჩაბარდეს.
- რა გგონიათ, რა აქცევს Cityzen-თან თანამშრომლობით შექმნილ პროექტს თბილისში ასეთ სიმბოლოდ?
ვფიქრობ, გამორჩეული იქნება. თბილისი საუკეთესო არქიტექტურის ადგილია – მათ შორის, ძველი თბილისის ისტორიული არქიტექტურა, რომელიც შთამბეჭდავია, კარგად შენარჩუნებული, ბევრგან გვხვდება, ძალიან ბევრ სირთულეს გადაურჩა, უნიკალურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას უყვარს თავისი ქალაქი და მისი არქიტექტურა. ამ ქალაქს ასევე აქვს თანამედროვე არქიტექტურა, რომელიც კარგად არის ცნობილი მთელს მსოფლიოში და ღირშესანიშნაობადაც იქცა. ამდენად – ჩვენ გვინდა ვიყოთ, შემდეგი ნაბიჯი თბილისისთვის – თბილისის მომავალი, რომელიც მისი წარსულიდან მოდის. ჩვენც გვინდა გავხდეთ ამ დიდი მემკვიდრეობის ნაწილი.
- გამოდის, თქვენი ამბიცია ისიც არის, რომ ახალი სიტყვა თქვათ, ახალი სტანდარტი შემოიტანოთ თბილისის არქიტექტურაში – სწორად მესმის?
დიახ, გვინდა ახალი სტანდარტი შემოვიტანოთ თბილისის მომავლისთვის. რა თქმა უნდა, გაქვთ ძალიან კარგი პროექტები, მაგრამ ჩვენ გვინდა უკეთესები ვიყოთ.
- საუკეთესო ამბიციაა. რას ნიშნავს თქვენთვის პიროვნულად, ზაჰა ჰადიდის მემკვიდრეობის მართვა და განვითარება?
მასთან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი. ლონდონში მაგისტრის ხარისხი დავიცავი და მესამე დღეს დავიწყე მუშაობა. იქიდან მოყოლებული, სულ ამ კომპანიაში ვარ. 15 წელი ვიმუშავეთ ერთად სანამ ის, სამწუხაროდ, გარდაიცვლებოდა. დღეს მის მემკვიდრეობას ვაგრძელებ. მას ძალიან კარგად ვიცნობდი. ყოველთვის ძალიან ახლოს იყო ჩვენთან – არქიტექტორებთან, რომლებიც მასთან მუშაობდნენ. ეს ჩემს დეენემშია, ჩემი კოლეგების დეენემშია – ჩვენ მას იმდენად კარგად ვიცნობდით, იმდენად ერთად ვავითარებდით ამ კომპანიას და იმდენი წლის განმავლობაში, რომ ბუნებრივად გავაგრძელეთ მისი მემკვიდრეობის დაცვა მას შემდეგაც, როცა ის უკვე ჩვენთან აღარ იყო.
- რა მოლოდინები გაქვთ თქვენს სამუშაო პროცესთან აქ – თბილისში? როგორ უყურებთ ამ პროცესს – რა განსაზღვრავს საბოლოო ჯამში პროექტის წარმატებას?
ვფიქრობ, პროექტის წარმატებას განსაზღვრავს ის, თუ როგორ მოვარგებთ ამ პროექტს კონტექსტს. დიახ – იქნება გამორჩეული შენობა, მაგრამ ჩვენ ყურადღებას ვუთმობთ ღია სივრცეებსაც, 50% მწვანე სივრცეს დაეთმობა – პროექტის დიდი ნაწილი იქნება ბუნება. ჩვენ გვინდა, რომ პროექტის ისეთი დიზაინი შევქმნათ, რომელიც შეერწყმება ბუნებას, გვინდა, რომ საჯარო სივრცეც კარგად იყოს ინტეგრირებული – სტუდენტებისთვის, მოსახლეობისთვის – აი, ეს შეიტანს დიდ წვლილს წარმატებაში.
- და ჩემი ბოლო კითხვა – რა გინდათ, რომ დარჩეს ჩვენს მაყურებელს დღევანდელი ჩვენი საუბრიდან, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი დღეს?
ჩვენ გვინდა თქვენი ლანდშაფტის ნაწილი გავხდეთ. ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობამ დაინახოს, როგორ ვავითარებთ ჩვენს პროექტს, მალე გავავრცელებთ ვიზუალურ მონახაზსაც – გვინდა, მუდმივად გვქონდეს კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ როცა პროექტი დასრულდება, ის მართლაც შეიყვარონ თბილისელებმა.