„ღვინის დღეები ყოველწლიური დღესასწაული უნდა იყოს, ისეთი როგორიც ევროპაში და ბევრ წარმატებულ ქვეყანაშია“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში განაცხადა, სადაც ფესტივალის - „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში იმყოფებოდა.
პრემიერმა მოსახლეობას ღვინის დღეების დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ღვინის სამშობლოდ საქართველო მსოფლიოში აღიარებულია. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ღვინის წარმოების 8 000-წლოვანი ისტორია.
„გვაქვს უნიკალური, 8 000-წლოვანი, ღვინის წარმოების ისტორია და ჩემი სურვილი იყო, რომ ყველა ის მეღვინე, იქნებოდა ეს დიდი, თუ საშუალო სიდიდის კომპანია, მცირე მეწარმეები, მარნის მფლობელები, ყველას წარმოედგინა საკუთარი წარმოებული ღვინო და ამას გარდა, ჩვენ ეს უნდა ვაქციოთ სახალხო დღესასწაულად, რომ იტყვიან. ეს უნდა იყოს ყოველწლიური ფესტივალი, ღვინის ფესტივალი და ღვინის დღეები, ისეთი როგორიც არის ევროპაში, ბევრ წარმატებულ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი.
მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, არა მხოლოდ კახეთში, არამედ ყველა იმ რეგიონში, სადაც ღვინო იწარმოება და ეს უნდა გახდეს ჩვენი საფირმო ნიშანი, რომ იტყვიან. მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო,“ - განაცხადა პრემიერმა.




























