მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღვინის სააგენტო: 2021 წელს ღვინის ექსპორტმა 100 მლნ ბოთლს გადააჭარბა

61de6cb7cce45
თათია კაკიაშვილი
12.01.22 23:18
1136
2021 წელს ღვინის ექსპორტმა 100 მილიონ ბოთლს გადააჭარბა. ინფორმაცია bm.ge-ს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიაწოდა.

ღვინის ექსპორტის გასული წლის დეტალური სტატისტიკა სააგენტოს ვებ-გვერდზე მომავალ კვირას გამოქვეყნდება, მანამდე კი შარშანდელი 11 თვის მონაცემები ასეთია:

2021 წლის იანვარ-ნოემბერში, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით იყო გაზრდილი. ამასთან, ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 222 მლნ აშშ დოლარს აღწევდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მონაცემზე 4%-ით მეტია.

გასული წლის 11 თვის მონაცემებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 29%, ჩინეთი - 26%, აშშ - 12%, გერმანია - 13%, ლატვია - 10%, ლიეტუვა - 44%, იაპონია - 12% და დიდი ბრიტანეთი - 76%.

ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 91%, შვედეთი - 97%, ჩეხეთი - 259%, საფრანგეთი - 6%, ისრაელი - 62%, ყაზახეთი - 38%, აზერბაიჯანი - 21%, თურქეთი - 209%, უკრაინა - 11%, რუსეთი - 6%, მონღოლეთი - 174% და ბელარუსი - 26%.

საინტერესოა ასევე ისიც, რომ საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი სულ 421-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 70,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასული წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ექსპორტირებულია 760,3 ათასი ბოთლი ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 42% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,9 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე, 42% შეადგინა.

დაბოლოს, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 356,3 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები