“ბარბალეს მარანმა” ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ექსპორტი გასულ წელს დაიწყო, ახლა კი საექსპორტო მოცულობების გაორმაგებაზე მუშაობს, - ამის შესახებ BMG-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა და დასძინა, რომ ბაზარზე მოთხოვნა უკვე არსებობს.
“2023 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კომპანიისთვის, რადგან “ბარბალეს მარნის” ღვინო ამერიკის ბაზარზე გავიდა და გაყიდვებიც დაიწყო. შედეგად, აშშ-ში ღვინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე ლეჩხუმის ცოლიკაურმა ოქროს მედალი აიღო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილე 57 ქართულ ღვინოს შორის, რომლებმაც რამე ტიპის ჯილდო მიიღეს, 5-მა აიღო ოქროს მედალი, ერთ-ერთი კი ჩვენი იყო. ღვინოს ამერიკის ბაზარზე წარმატება აქვს, შესაბამისად, შუამავლის მხრიდან მოთხოვნის ზრდასაც ველოდებით და გვსურს, რომ მოცულობები, მინიმუმ, გავაორმაგოთ, რათა მოთხოვნას ნელ-ნელა დავეწიოთ და 2 - 3 000 ბოთლზე ავიდეთ”, - აღნიშნავს ზვიად კორძაძე.
მისი განმარტებით, ვინაიდან კომპანია ჯერ ისევ მცირე მარანია, მათი წლიური წარმადობაც მცირეა და წელიწადში 10 000 ბოთლის ფარგლებში ტრიალებს.
“ღვინისთვის ყურძენს კონკრეტული მევენახეებისგან ვიბარებთ, შესაბამისად, მოსავლის რაოდენობაში შეზღუდული ვართ და მხოლოდ წარმადობის გასაზრდელად სხვა ყურძნის შერევას არ ვაპირებთ. ამიტომ, ეს დაბრკოლება არსებობს, თუმცა ექსპორტის გაზრდის საშუალება, ჯერჯერობით, გვაქვს”, - განმარტა “ბარბალეს მარნის” დამფუძნებელმა.
გარდა აშშ-სა, “ბარბალეს მარნის” ღვინო გერმანიაში, “8 000 მოსავლის” ბერლინის ფილიალში იყიდება.
ზვიად კორძაძეს ქართველი მეღვინეებისთვის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირების შანსებზეც ვესაუბრეთ, რადგან 2023 წელს მთავარი სარეალიზაციო ბაზარი, სადაც ქართული ღვინის 2/3 გაიყიდა, რუსეთი იყო. კორძაძე აღნიშნავს, რომ ეს ბაზარი სტაბილური არ არის, რის გამოც “ბარბალეს მარანი” ევროპასა და იაპონიაზე კონცენტრირდება.
“წარმოუდგენელია, რუსეთის ბაზარზე რამე გაიტანო. პირველ რიგში იმიტომ, რომ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მეორეც - არამდგრადია. როგორ უნდა აწარმოო ბიზნესი, როდესაც იქ ღვინის შესატანად გადაწყვეტილებებს პოლიტიკურად იღებენ და არა - ღვინის ხარისხით. რისკიანი ბაზარია და აქ ექსპორტს არ განვიხილავ. რეალური ბაზრები ევროპის ქვეყნებსა და აზიაშია, განსაკუთრებით იაპონიაა ჩვენთვის საინტერესო და ამ მიმართულებით გარკვეული გეგმა უკვე გვაქვს. ეს არის ბაზარი, რომლისთვისაც ღვინის გემოვნური თვისებები და ექსკლუზიურობაა გასათვალისწინებელი. მცირე მარნებისთვის რაოდენობაში მოგების ნახვის ფუფუნება არ არსებობს, ამიტომ გვჭირდება, რომ დიდ ქსელურ მარკეტებში შესვლის ნაცვლად, კონკრეტულ ბუტიკებში ვიყოთ წარმოდგენილი, სადაც ქართულ ღვინოს გასინჯავენ, მოეწონებათ და მოენატრებათ”, - განმარტავს ზვიად კორძაძე.
“ბარბალეს მარნის” ღვინო ადგილობრივ ბაზარზეც ამ პრინციპით რეალიზდება: პროდუქცია “8 000 მოსავალსა” და რამდენიმე რესტორანში იყიდება, სადაც, დამფუძნებლის განმარტებით, არა მხოლოდ ასორტიმენტში არსებობს, არამედ ნამდვილად მიდის მომხმარებლამდე. “ბარბალეს მარანი” 2014 წელს დაფუძნდა. კომპანია ამჟამად 10-ზე მეტი დასახელების ღვინოს აწარმოებს.