კომპანია Esi-Loza კანადის მასშტაბით ყოველწლიურად 250 000 ბოთლ ქართულ ღვინოს ყიდის.
კანადა ღვინის იმპორტითა და ალკოჰოლური სასმელების ბაზრით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ქვეყანაა, რომლის თითქმის ყველა პროვინციაში ალკოჰოლის რეალიზაციას Liquor Control Board of Ontario (LCBO) აკონტროლებს. LCBO საბჭოს კანადის მასშტაბით 700-მდე მაღაზია აქვს, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელი იყიდება.
LCBO-ს მიერ ბაზრის მონოპოლიზაციის პირობებში, BMG დაინტერესდა, რა პოტენციალი აქვს ქართულ ღვინოს კანადის ბაზარზე მოხვედრისთვის და კომპანია Esi-Loza („შენ ხარ ვენახი“)-ის დამფუძნებელ გოჩა ბაშალეიშვილს დაუკავშირდა, რომელიც, რამდენიმეწლიანი პროცესის შემდეგ, „რთველისსთან“ და „სარაჯიშვილთან“ თანამშრომლობით, კანადის მასშტაბით წელიწადში 250 000 ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს ყიდის. სწორედ მას ვკითხეთ, თუ რა გამოწვევების გადალახვა უწევს ქართულ ღვინოს კანადის ბაზარზე.
„ქართულ ღვინოს კანადის ბაზარზე გამოწვევები არ აქვს, იმიტომ, რომ საერთოდ ვერ შემოდის. კანადა ღვინის მწარმოებლად მხოლოდ 12 ქვეყანას ა
ღიარებს, საქართველოს - არა. 15-მილიარდიანი სახელმწიფო კორპორაციაა (LCBO), რომელიც ღვინოს მსოფლიოს მასშტაბით ყიდულობს იმ შემთხვევაში, თუ ყურძნის შემცველობა 85%-ია.
როდესაც ღვინის შემოტანისთვის სახელმწიფო ტენდერს ავსებ და გეკითხებიან, რა ჯიშის ყურძნისგანაა შენი ღვინო დამზადებული, ქართული ყურძნის ჯიშები ჩამონათვალში საერთოდ არაა. ზოგიერთ პროვინციაში „საქართველოც“ კი არ იყო ჩამონათვალში. ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ ეს ხალხი დამეინტერესებინა, ფედერალურ დონეზე ავიყვანე ეს პროცესი და 4-წლიანი შრომის შემდეგ ღვინის შეტანისთვის საკუთარი კვოტა მოვიპოვე“, - ამბობს ბაშალეიშვილი.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანადის ალკოჰოლის კონტროლის საბჭოსგან თანხმობა მოიპოვე, ხანგრძლივი ლაბორატორიული შემოწმების პროცესი იწყება, რა დროსაც, ერთ ბოთლში აღმოჩენილმა დარღვევამაც კი შეიძლება სრული პარტიის გაუქმება გამოიწვიოს: „გარდა ამისა, როდესაც ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ ბორდი თავის ფასს ადებს, იძულებული ხარ შენივე ღვინო სახელმწიფოსგან გამოისყიდო და სარეალიზაციო ობიექტებამდე თავად მიიტანო“.
გამოწვევების მიუხედავად, კანადაში ქართული ღვინის პოტენციალი მზარდია, რადგან LCBO-ს დახლებზე აღმოჩენილი სასმელი ყოველთვის აუცილებლად იყიდება.
„ვინც პირველად სინჯავს ქართულ ღვინოს, აუცილებლად ბრუნდება, რადგან ჩვენს ღვინოს დანამატები არ აქვს. კანადური ყველაზე ძვირადღირებული ღვინოც რომ დალიო, მეორე დღეს აუცილებლად გატკენს თავს, ჩვენს ღვინოს ეს პრობლემა არ აქვს. „რთველისი“ და „სარაჯიშვილი“ უკვე წარმატებით შემოდის და მუდმივად იქნება, რადგან როდესაც კანადელები ბრენდს ცნობენ, იმას უკვე აღარ გაუშვებენ ხელიდან.
ერთადერთი რაც ამ პოტენციალის მისაღწევად გვჭირდება, ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერაა. 4-წლის განმავლობაში $0.5 მლნ-ზე მეტი მხოლოდ დოკუმენტების მომზადებაში მაქვს გადახდილი და ურთულესი პროცესია. კანადის ბაზარი წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, ბორდში კი კორუფცია სუფევდა, ხელოვნურ დაბრკოლებებს გვიქმნიდნენ, ძლივს გადავლახეთ ეს გამოწვევა“, - ამბობს გოჩა ბაშალეიშვილი.
მისი თქმით, სახელმწიფო ჩართულობა LCBO-სთან მოლაპარაკებისთვის ნიადაგის შემზადებისთვისაა საჭირო.
„ღვინის შეტანისთვის კვოტას კანადის სახელმწიფო იძლევა. მაგალითად, Esi-Loza-ს შეუძლია, 14 400 ყუთი „რთველისის“ ღვინო შემოიტანოს. ამ კვოტის გაზრდა კომპანიის დაინტერესებით ხდება. თუ რომელიმე ქართულ კომპანიას უნდა ღვინო შემოიტანოს, მე შემიძლია ამაზე მოლაპარაკებები ვაწარმოო. ქართული მხარის ჩართულობაც ზუსტად აქაა საჭირო, რომ ნიადაგი მანამდე შეამზადონ, სახელმწიფოებს შორის გარკვეული გარანტიები გაცვალონ და უფრო დიდი კვოტის მოპოვებაში დაგვეხმარონ“, - ამბობს ბაშალეიშვილი.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ LCBO ქართული ღვინის კვოტას გაზრდის და საკუთარ მაღაზიებში თავის დახლს მიანიჭებს, ქართული მწარმოებლები ერთმანეთის კონკურენტები მაინც ვერ გახდებიან: „რამდენი ღვინოც არ უნდა შემოვიდეს საქართველოდან, ყველაფერი გაიყიდება“.