უახლოეს პერიოდში გვინდა, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფლაგმანი ინიციატივების განხორციელება დავაჩქაროთ და ყურადღებას შავი ზღვის გავლით დაკავშირებაზე მიმართულ ფლაგმანურ პროექტებზე გავამახვილებთ, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელსა და შავი ზღვის ინტერნეტკაბელთან დაკავშირებული პროექტები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა civil.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა.
მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირებისა და სავაჭრო ნაკადების გაუმჯობესებისთვის, - „გვინდა, რომ საქართველომ ამ ინიციატივების განხორციელებაში წამყვანი ადგილი დაიკავოს, რადგან ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ძირითადი ელემენტი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პასუხისმგებლობა და ჩართულობაა“, - განაცხადა ბორელმა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი საქართველოში ყველაზე მსხვილ დონორად რჩება. მისივე განცხადებით, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ევროკავშირმა დაახლოებით 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციების მობილიზება მოახდინა.
ბორელმა საქართველოს მიერ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა:
„მხედველობაში ვიღებთ საქართველოს ჩინეთთან ახლად ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. საგარეო პარტნიორებთან გაღრმავებული ურთიერთობების დამყარება ქვეყნის პრეროგატივაა. ველოდებით, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის მაძიებელი ქვეყანა, უზრუნველყოფს მისი სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა ასპექტის შესაბამისობას ევროკავშირის წესებთან და პოლიტიკასთან და მის ვალდებულებებთან ევროკავშირის გზაზე. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნები თავიანთ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ეტაპობრივად შესაბამისობაში მოიყვანენ ევროკავშირთან“.