ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, საქართველოში შექმნილი მდგომარეობა ბიზნესის განწყობაზე ასახულია და ამის დასტურია BAG-ინდექსის ბიზნესის კლიმატის მაჩვენებელი, რომელიც 2023 წლიდან მოყოლებული უარესდება და დაღმასვლის ტენდენცია მიმდინარე წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში BAG-ინდექსის მეორე კვარტალის ანგარიშის გაანაალიზებისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ გაუარესებული ბიზნესკლიმატიდან გამომდინარე, 2026-2027 წლებში საქართველოს ეკონომიკისთვის პერსპექტივა უარესდება.
„ძალიან კარგია, რომ „საქართველოს ბიზნესასოციაცია“ აქვეყნებს BAG-ინდექსს, რომელიც აფასებს ქვეყანაში ბიზნეს-კლიმატს, ბიზნესის მოლოდინებს და მიმდინარე მდგომარეობას. გამიხარდება თუ ასე გაგრძელდება, რაშიც არ ვარ დარწმუნებული გარე წნეხიდან გამომდინარე, რაც შეიძლება იყოს ბიზნესასოციაციაზე, რომ ეს არ გააგრძელოს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს წნეხი უკვე არის...
რაც შეეხება მეორე კვარტალის შედეგებს, BAG ინდექსი ძალიან კარგად ასახავს [ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური პროცესების გავლენას ბიზნესზე], მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაკვირვებით, როცა ქვეყანაში რაღაც ძალიან ცუდი ხდება, ბიზნესმენები თავისი ოპტიმისტური ბუნებიდან გამომდინარე, ისე უარყოფითად არ აფასებენ მოვლენებს, როგორც არის.
რეალურად, 2023 წლის მეორე კვარტალის შემდეგ, როცა ე.წ. „რუსული კანონი“ პირველად დაინიცირდა, ქვეყანაში ბიზნესკლიმატი შეუცევადად უარესდება - ამას აჩვენებს BAG ინდექსი. ყველა უარყოფით მოვლენას გავლენა აქვს ბიზნესის განწყობაზე. შესაბამისად, შეგვiძლია ვთქათ, რომ ბიზნესი ხედავს რაც ხდება, გრძნობს რაც ხდება და აფასებს, რაც ხდება, ოღონდ შესაძლოა, არ აფასებს ისე რადიკალურად, როგორც პირობითად აქტივისტები ან პოლიტიკოსები“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ბიზნესგანწყობის გაუარესება ბიზნესჯგუფებს თავიანთ გეგმებში უკვე ასახული აქვთ.
- თუ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, როგორ ბიზნესკლიმატს მივიღებთ 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში?
- ბიზნესკლიმატის გაუარესებასა და დაღმასვლაზე მყისიერ შედეგს ყველაზე სწრაფად, ბიზნესთან ერთად, გრძნობს სახელმწიფოც საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში… ამდენად, ჩვენ გვყავს სახელმწიფოს დე ფაქტო მმართველი ჯგუფი „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც [პრობლემების] უარყოფის რეჟიმშია - თითქოს ყველაფერი იდეალურადაა და გვყავს მსხვილი ბიზნესი, რომელიც დიდწილად, თუ BAG-ის ინდექსს არ ჩავთვლით, არის მდუმარების რეჟიმში - არ ამბობს არც კარგს და არც ცუდს...




























