პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საავტომობილო გზების შესახებ” კანონში ცვლილებებს. საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარადგინა.
მიღებული ცვლილებების თანახმად, იცვლება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის პრაქტიკა. კერძოდ, მთავრობა ამ მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს.
ახალი კანონის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან მათი მონაკვეთების მოვლა-შენახვის მოვალეობა, სრულად ან ნაწილობრივ, გადასცეს მის მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
აქამდე აღნიშნულ ფუნქციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორების დახმარებით ახორციელებდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტით კი, ამ ფუნქციას სპეციალურად ამ მიზნისთვის დაფუძნებული სახელმწიფო კომპანია გადაიბარებს.
პირველ ეტაპზე ახალი სახელმწიფო კომპანია საავტომობილო გზების მოვლა/შენახვასა და მართვას გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალზე განახორციელებს. აღნიშნულ მონაკვეთზე კომპანია პასუხისმგებელი იქნება ისეთ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, როგორიცაა 138 ხიდი და 59 გვირაბი.
ახალი სახელმწიფო კომპანიის დასაფუძნებლად დაახლოებით 63 მილიონი ლარის საწყისი ინვესტიციაა გათვალისწინებული.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ 11 ივნისს განაცხადა, რომ სამინისტრო ამ პროექტის ფარგლებში აპირებს შეიძინოს 120 ერთეული ახალი ტექნიკა. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო არ იქნება კერძო კომპანიების კონკურენტი და კვლავ იზრუნებს მათ განვითარებაზე, თუმცა სტრატეგიული მონაკვეთების მართვას თავად გადაიბარებს.
ამასთანავე, მიღებული კანონი ითვალისწინებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობის შესაძლო ზრდას 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ლიმიტზე ზევით.
საკანონმდებლო ცვლილებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საავტომობილო გზებსა და გზისპირა ზონებში უკანონო ან შეუთანხმებელ საქმიანობას ეხება.
- ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა: საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად ნებისმიერი სამშენებლო საქმიანობის განხორციელება ან ნაგებობის განთავსება გამოიწვევს პასუხისმგებლობას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1942 მუხლის შესაბამისად.
- დემონტაჟის მითითება: დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს (ან მესაკუთრეს/მოსარგებლეს) მისცემს მაქსიმუმ 1-თვიან გონივრულ ვადას დოკუმენტაციის წარსადგენად ან ნაგებობის დემონტაჟისა და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად.
- იძულებითი დემონტაჟი დამრღვევის ხარჯზე: თუ მითითება არ შესრულდება, უწყებას აქვს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება დემონტაჟის შესახებ, ხოლო ხარჯები დაეკისრება სამართალდამრღვევს. სახელმწიფო ან მუნიციპალურ მიწაზე ნაგებობის განთავსებისას, გადაწყვეტილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ აჩერებს.
კანონი, გარდა ახალი სანქციებისა და იძულებითი დემონტაჟის მარეგულირებელი მუხლებისა (რომლებიც ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს), ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.




























