დღეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ ჭავჭავაძის 83 ნომერთან გზა გადაკეტა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი ჯაფარიძის თქმით, მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, რომელიც ისედაც დატვირთული სივრცის პარალიზებას მოახდენს.
გიორგი ჯაფარიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ გზა საპატრულო პოლიციის თანამშრომლობის პირობის შემდეგ გახსნეს, რომ მერიის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდებიან.
"გზა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი. პროტესტის საგანი კონკრეტული კორპუსის მშენებლობაა, რომელიც ჭავჭავაძის 83 ნომერში მდებარეობს. თუ პრობლემა არ მოგვარდება, პროტესტი გაგრძელდება. ქუჩის გადაკეტვა ამ აქციების მხოლოდ დასაწყისია. ახალი კორპუსით ისედაც პარალიზებულ არეალზე სკოლასთან მისასვლელი გზა იკეტება. ასევე, უკვე აშენებულ კორპუსებთან შეუძლებელი იქნება სახანძრო და სასწრაფო მანქანების მისვლა.
დღეს 150-200 ადამიანი ვდგავართ აქციაზე. გზა გავხსენით იმ პირობით, რომ მერიის თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შეგვხვდებიან. საპატრულო პოლიცია ამას დაგვპირდა და ვენდეთ. თუ არავინ მოვა, პროტესტიც გაგრძელდება და გზაც ისევ გადაიკეტება. პირობა თუ არ შეასრულეს ამის შემდეგ ცხადია აღარაფერს გავითვალისწინებთ", - განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.
bm.ge ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას, თუმცა უწყებაში კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობენ.
მერიაში კი განაცხადეს, რომ სავარაუდოდ ადგილზე მუნიციპალური ინსპექცია მივიდა, მეტი დეტალი კი, მათთვისაც უცნობია.