"აბა, შეხედეთ, რამდენი ჰაბი უნდა შეიქმნას საქართველოში, საქართველო უნდა გახდეს მსოფლიოს ჭიპი", - ასე მიმართა რომან გოცირიძემ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს ოპოზიციურ პარტიებთან პარლამენტში ფრაქციულ შეხვედრაზე.
პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ამბობს, რომ კობახიძის 73-გვერდიანი პროგრამის მიხედვით 9 ჰაბი უნდა შეიქმნას. ამისთვის კი სუპერთანამედროვე ქვეყნის შექმნასთან ერთად, საჭიროა ჩვენი მეზობელი არ იყოს თურქეთი, რომელმაც ვერ შეძლო სატრანსპორტო ჰაბის შექმნა, თუმცა შექმნა ავიაჰაბი და სტამბოლში, მცირე ფინანსური ჰაბი.
"ბატონო ირაკლი, თქვენს მიერ წარმოდგენილ პროგრამაში, მთავარი სიტყვა იყო ჰაბი. დღეს რატომ არ ახსენეთ? როგორც ჩანს ეს პროგრამა ცალ-ცალკე სამინისტროებმა დაწერეს, მერე შეკრეს და არ აღმოჩნდა ვინმე წამკითხველი, მაგალითად როტშილდების მრჩეველი, რომ ის მაინც ეთქვა, ამ პროგრამაში არის ძალიან ბევრი რამ სასაცილო. ჰაბისტანი უწოდეთ ამ ქვეყანას არ ჯობიაა? აბა, შეხედეთ, რამდენი ჰაბი უნდა შეიქმნას საქართველოში, საქართველო უნდა გახდეს მსოფლიოს ჭიპი. ინფრასტრუქტურის ჰაბი, სატრანსპორტო ჰაბი, ლოგისტიკური ჰაბი, საკომუნიკაციო ჰაბი, ენერგეტიკული ჰაბი, ტექნოლოგიური ჰაბი, საგანმანათლებლო ჰაბი, ციფრული კორიდორის ჰაბი, საფინანსო ჰაბი - ეს ყველაფერი იქმნება. 73-გვერდიდან ყოველ მე-8 გვერდზე ქმნით ახალ-ახალ რეგიონულ საოცარ ჰაბებს. კომიკურია, რისი ჰაბი, რა ჰაბი, 2014 წლიდან, 11 წელია სამტრედია-გრიგოლეთის გზა ვერ აგიშენებიათ და დიდუბეში ასფალტი ვერ დაგიგიათ. რა დაგიშავათ კულტურის და შერიგების სამინისტროებმა? მხოლოდ მათ არ აქმნევინებთ ჰაბს. ბუნებრივია, ვერ იქნება შერიგების და კულტურის ჰაბი.
აქ სერიოზული სხვა საკითხიცაა, დაიქირავეთ როტშილდების კომპანია, გადაუხადეთ 9,7 მილიონობით ლარი და მართლაც უნდა შეექმნა საფინანსო ჰაბი, ორი ცათამბჯენი უნდა აეშენებინა, ერთი გონიოში, მეორე თბილისის ზღვაზე და უამრავი საქმე უნდა გაეკეთებინა, მათ შორის ინვესტიციის მოზიდვა და რჩევების მოცემა. ერთი ნაგლეჯი ქაღალდი გვაჩვენეთ რაში გადაიხადეთ 9,7 მილიონი და როდის გვეღირსება ცათამბჯენები შავი ზღვის მიდამოებში ფინანსური ჰაბის სახით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 7 თებერვალს მთავრობის მომავალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად უსმენენ, 8 თებერვალს კი პროცესს ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ გააგრძელებს.