მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰაერში მყარი ნაწილაკების მთავარი წყარო სამშენებლო სექტორია" - ნოე მეგრელიშვილი

6458ebdfd3d7d
ნანუკა ნარიმანიძე
09.05.23 00:45
817
საქართველოს გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“ სტუმრობისას საქართველოში ჰაერის ხარისხსა და მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა.

„აზოტის დიოქსიდი და მყარი ნაწილაკები მთავარი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, აზოტის დიოქსიდის გადაჭარბებები მუდმივად გვიფიქსირდება ავტოტრანსპორტით დატვირთულ გზებზე, თუ 2019-2021 წლამდე ქუჩებზე მცირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციები, 2022 წელს ამ მონაცემებმა მოიმატა. ამის მთავარი მიზეზი კი, ცალსახად, ავტომობილების მატებაა. 2022 წელს ავტომობილების იმპორტი 107,000 ასცდა, რამაც, რა თქმა უნდა, ზეგავლენა იქონია ჰაერის ხარისხის გაუარესებაზე. აზოტის დიოქსიდის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ძირითადად თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, მთავარ მაგისტრალებზე, ხაშურსა და ზესტაფონში. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია თბილისში ფიქსირდება, ეს მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ აჭარბებს თანამედროვე ქართულ და ევროპულ ნორმებს“,- განმარტავს ის.

მისივე თქმით, აზოტის დიოქსიდის წლიური ნორმა 40-ია, აღმაშენებლის ქუჩაზე კი ეს რიცხვი 80-ს აღემატება, 70-60-ის ფარგლებშია სხვა თბილისის ქუჩებზეც. უმსხვილეს მაგისტრალებზე ყველგან ფიქსირდება გადაჭარბება, თუმცა, რეკრეაციულ ზონებში გადაჭარბება ფაქტობრივად არ ფიქსირდება.

ნოე მეგრელიშვილი ჰაერში არსებულ მყარ ნაწილაკებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დიდი სამრეწველო ზონის გამო, ეს საკითხი რუსთავშია ყველაზე პრობლემური.

„მყარი ნაწილაკების მთავარი წყარო სამშენებლო სექტორია, დედაქალაქში გვაქვს მცირე ზომის საწარმოები, რომელიც ასევე დაბინძურების წყაროა, მაგრამ მყარი ნაწილაკების ფორმირებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს რუსთავში არსებული სამრეწველო ზონა“, - დასძინა მან.

გარდა ამისა, ნოე მეგრელიშვილმა თავისი აზრი გამოთქვა იმ რეგულაციასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ზაფხულიდან გზებზე გამონაბოლქვი გაკონტროლდება.

„აზოტის დიოქსიდი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მოწინავე ქვეყნებშიც, ეს თითქმის არ უკავშირდება საწვავის ხარისხს, ის პირდაპირ კავშირშია ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან, შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეალობიდან გამომდინარე", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი 2023 წლის ივნისიდან ოთხი ქალაქის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხელოვნური გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელებას გეგმავს. ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერდება და სპეციალური მოწყობილობებით შემოწმდება გამონაბოლქვზე, იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის დროს აღმოჩნდება, რომ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები გადაჭარბებულია, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო, 30 დღის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში, ჯარიმა გასამმაგდება და გახდება 300 ლარი. კანონაღსრულება საპილოტე რეჟიმშია და დასაწყისისთვის მასზე ჯამურად 10 ეკიპაჟი იმუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები