შვედური ტანსაცმლის ბრენდის H&M-ის გაყიდვები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62%-ით გაიზარდა და 5.59 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
თუმცა, თუ H&M-ის გაყიდვებს პანდემიამდე მდგომარეობას შევადარებთ, კომპანიის გაყიდვები 19%-ით ნაკლებია 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების ვარაუდით, ბრენდის გაყიდვები 66%-ით უნდა გაზრდილიყო კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, რაც რეალურ ზრდას რამდენიმე პროცენტით ჩამორჩება.
„რაც უფრო მეტი ადამიანი იცრება, მეტი მაღაზია იხსნება, შესაბამისად H&M-ის გაყიდვები უმოკლეს დროში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
H&M-ი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად მაღაზიების გახსნისა, ონლაინ გაყიდვებზე მოთხოვნა მაინც არ მცირდება.
შეგახსენებთ, გასული წლის მეორე კვარტალში ბრენდის 5,000 მაღაზიიდან 4,000 დახურული იყო, ხოლო მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით COVID-რეგულაციების გამო მხოლოდ 140 მაღაზია არ მუშაობს.