საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის თანახმად, 2024 წლის აპრილში საქართველოში წინა წელთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.8%-ით გაიზარდა და ბოლო 12 თვის მაქსიმალური მაჩვენებელი შეადგინა.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი სამომხმარებლო ფასების განსაზღვრის ერთ-ერთი ინდექსია, რომელიც ძირითადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებლის დასადგენად გამოიყენება. ინდექსის გაანგარიშების წონები მცირედით განსხვავდება იმ მეთოდოლოგიისგან, რომლითაც საქსტატი ინფლაციის ანუ სამომხმარებლო ფასების ინდექსს ადგენს. აღნიშნული ინდექსით, აპრილში საქართველოში 1.5%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც ასევე ბოლო 12 თვის მაქსიმალური მაჩვენებელია.
ჰარმონიზებული ინდექსის თანახმად, წლიურ ჭრილში სურსათის ფასები 0.9%-ით შემცირდა, თუმცა გაზრდილია ტრანსპორტის ჯგუფის ფასები, რადგანაც 2023 წელთან შედარებით საწვავის ფასები დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი.
უფრო დეტალურად, 2024 წლის აპრილის მდგომარეობით ინდექსის ჯგუფებში ფასების წლიური ცვლილება ასე ნაწილდება:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - კლება -0,9%
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ზრდა 5,1%
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - კლება -3,7%
- საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - კლება -2,8 %
- ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება - კლება -1,6%
- ჯანმრთელობის დაცვა - ზრდა 1,3%
- ტრანსპორტი - ზრდა 10%
- კავშირგაბმულობა - კლება 1,3%
- დასვენება, გართობა და კულტურა - კლება 1,8%
- განათლება - კლება 3,5%
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - ზრდა 8%
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - ზრდა 8,1%