მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Heineken-ი მომდევნო 2 წელიწადში 6,000 თანამშრომელს დაითხოვს

Heineken

ლუდის მწარმოებელი ნიდერლანდური კომპანია Heineken-ი მომდევნო 2 წლის განმავლობაში სამსახურიდან 6,000 თანამშრომელს გაუშვებს და სამუშაო ძალას 7%-ით, 81,000-მდე შეამცირებს.

მსოფლიოში ლუდის მწარმოებელი მეორე უმსხვილესი კომპანია გადაწყვეტილებას ფინანსური ხარჯების დაზოგვით ხსნის. როგორც ირკვევა, Heineken-ის ხელმძღვანელობას სურს, დაარწმუნოს ინვესტორები, რომ კომპანია კვლავ მოგებიანია და ის ზრდაზეა ორიენტირებული. შეგახსენებთ, აქციონერების ნდობა ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად შეამცირა აღმასრულებელი დირექტორის, დოლფ ვან დენ ბრინკის გადადგომამ, ასევე 2026 წლის ზრდის არადამაკმაყოფილებელმა პროგნოზმა, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა და 2-6% შეადგინა. შედარებისთვის, ფისკალურ 2025 წელს Heineken-ი 4-8%-იან ზრდას მოელოდა.

ასეთ პროგნოზებს ძირითადად ისეთი ფაქტორები განაპირობებს, როგორებიცაა მომხმარებლების დაინტერესების ზრდა გაცილებით ბიუჯეტური ალკოჰოლური სასმელებისა და კონკურენტების მიერ ნაწარმოები ლუდის მიმართ. თავის როლს თამაშობს ისიც, რომ ცუდმა ამინდებმა მოსავლიანობაზე უარყოფითად იმოქმედა და გააჩინა საწარმოო მასალის დეფიციტის საფრთხე. Heineken-ში გამოწვევად მიაჩნიათ ის ფაქტიც, რომ მომხმარებლებში ბოლო წლებში შეინიშნება ლუდის მიმართ ინტერესის კლებისა და უფრო ჯანსაღ ალტერნატივებზე გადასვლის ტენდენცია.

6,000 თანამშრომლის დათხოვნის გადაწყვეტილების გაჟღერება ინვესტორებმა დადებითად მიიღეს. Heineken-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა. აქციონერები კმაყოფილები არიან კომპანიის მიერ გადადგმული იმ ქმედითი ნაბიჯებით, რაც შეამცირებს ხარჯებს და ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას იმ პერიოდში, როცა ბაზარი სულ უფრო მცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები