აშშ-ის კონგრესი თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტს გამოიძიებს - ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაფოღლუ, რომელიც ვაშინგტონში სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მუშაობს, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობა მოითხოვს დაუყოვნებლივ გამოძიებას იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "კამიტი" გამოიყენა და პასუხისმგებელ პირებზე სანქციების დაწესებას.
"მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და დააწესონ შესაბამისი სანქციები პასუხისმგებელ პირებზე. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს კონგრესში, მიიღონ MEGOBARI აქტი, ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მისცემს დამატებით ინსტრუმენტებს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ერთობლივად გაავრცელეს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ უიკერმა, თანათავმჯდომარე კონგრესმენმა ჯო უილსონმა, წევრმა სენატორმა შელდონ უაითჰაუსმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა.
BBC-ის გამოძიება: „როცა წყალი წვავს“
BBC-ის თანახმად, გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-იმ გაავრცელა დოკუმენტი, სადაც მათი თქმით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარის შესახებ ინფორმაციაა მოცემული. მასში მითითებულია ორი ნივთიერება და ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეერიოთ ისინი წყალს:
- UN 1710 – ტრიქლორეთილენი (TCE),
- UN 3439 – ტოქსიკური აგენტების ჯგუფი, BBC-ის ვარაუდით — ბრომობენზილ ციანიდი (BBC), იგივე „კამიტი“.
გამოძიების თანახმად, დოკუმენტის ნამდვილობა რამდენიმე ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა.
ამის შემდეგ, 3 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩანიშნა, სადაც დაადასტურა, რომ შსს-ს შესყიდული აქვს ნივთიერებები, რომლებსაც კოდი UN3439 აერთიანებს. მისივე თქმით, შესყიდულ ნივთიერებებს შორის არ არის კამიტი. „დანარჩენს წარმოადგენს გამოძიება“, – თქვა კობახიძემ.
მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლის დროს წყლის ჭავლში „სავარაუდოდ“ იყენებდნენ ამავე კოდის ქვეშ შემავალ ფხვნილებს, თუმცა, „ეს კოდი არაფერს არ იძლევა“.
კობახიძე ამბობს, რომ ჩატარდება შესყიდული და გამოყენებული ფხვნილის „სრულფასოვანი ანალიზი“.




























