მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰელსინკში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა რაოდენობის ღვინო გაგვაქვს ფინეთში?

ფინეთი

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენისა და დეგუსტაციის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 40-ზე მეტი სომელიე, ღვინის იმპორტიორი და ჰორეკა სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.

ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრის და ქვევრის ღვინის ტექნოლოგია ღონისძიების მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ღვინის ექსპერტმა, ირაკლი ჩოლობარგიამ გააცნო. საუბარი შეეხო ქართული ღვინის წარმოების დღევანდელ მასშტაბებს, სახეობებს, მსოფლიო ბაზრებზე მოთხოვნებს და ექსპორტის ტენდენციებს.

ჰელსინკში პირველი ქართული ღვინის ბარის მფლობელმა ლიკა მამუკაშვილმა ფინეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ინტერესი საკმაოდ მაღალია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ გამოფენებში. ყველაზე კარგი არის ის, რომ ძალიან მოსწონთ ქართული ღვინო. მიუხედავად იმისა, რომ ახალია, მოსწონთ, და ინტერესდებიან. ასე რომ, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ წინ მივდივართ", - აღნიშნა ქართული ღვინის ბარის მფლობელმა.

ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელ ლევან მაჭავარიანთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ფინეთში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აქტიური კამპანიის წარმოება და მიზნობრივ სეგმენტზე გათვლილი ღონისძიებების განხორციელება, რაშიც ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურად იქნება ჩართული.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოდან ფინეთში $170.2 ათასის ღირებულების 36.5 ტონა ღვინო გავიდა, რაც თითქმის 250%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში გასული ღვინის ღირებულებას. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ფინეთში $48.5 ათასის 9.76 ტონა ღვინო გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები