ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ზუსტად წარმოაჩენს გაერთიანების პოზიციებს. ასევე უპასუხა მან "ინტერპრესსნიუსის" ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა "ქართული ოცნების" კრიტიკას, რომ ელჩი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკომისიას.
"რასაც "ქართული ოცნების" მხრიდან ვხედავთ, აშკარა დეზინფორმაციაა. ნებისმიერი თავდასხმა ჩვენს ელჩზე და ევროპულ ღირებულებებზე უსაფუძვლოა. რა თქმა უნდა, ელჩს ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს, მისი განცხადებები ზუსტად წარმოაჩენს ევროკავშირის პოზიციებს", - განაცხადა ჰიპერმა.
კიდევ ერთი კითხვა საქართველოზე ევროკომისიის წარმომადგენელს „ევროსკოპის“ ჟურნალისტმა დაუსვა. მანაც იკითხა გერმანიის ელჩზე პეტერ ფიშერზე მომხდარ თავდასხმაზე. მეორე კითხვა შეეხებოდა "ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ნათელი არ არის, რა ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მხრიდან.
"ჩვენი პოზიცია საქართველოს მთავრობისა და "ქართული ოცნების" მიმართ არის თანმიმდევრული და ნათელი. მიმდინარე რეპრესიები და ძალადობა სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჟურნალისტებზე, ოპოზიციაზე, სიძულვილის ენა, ფიზიკური ძალადობა და დაკავება უნდა შეწყდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის ჩვენი გზავნილი, რადგან ეს ნათლად გამოვხატეთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ქმედებებითაც. მაგალითად, მაღალ დონეზე ყველა პოლიტიკური კონტაქტი შევამცირეთ. შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლებისკენ მიმართული დახმარება და ის სამოქალაქო საზოგადოებისკენ მივმართეთ. ამასთან, ევროპულმა საბჭომ დიპლომატიურ პასპორტებზე გადაწყვეტილება იანვარში მიიღო. ეს არის კონკრეტული ქმედებები, როგორც რეაქცია მთავრობის მიერ დამყარებულ რეპრესიულ რეჟიმზე", - განაცხადა ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა.




























