"ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში დაამკვიდრა ის, რომ ვმოქმედებთ არა ემოციებით, არამედ რაციონალურად და პრაგმატულად... ამით მოვიგეთ 10 არჩევნები," - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში EU-ის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, EU-ის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა "ქართლი ოცნების" მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთეს, მაინც მზად არის ყველას მათ "ოცნების" ხელისუფლებამ ხელი ჩამოართვას.
" ამ 13 წლის განმავლობაში ჩვენ ყოველგვარი ემოციების გარეშე ვმოქმედებთ და ეს სხვათაშორის ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა პირადად. რაც დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ეს არის, რომ ვმოქმედებთ არა ემოციებით, არამედ რაციონალურად და პრაგმატულად... ჩვენ რომ ემოციებს ავყვეთ, უნდა ვთქვათ რომ აღარ გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობა, თუმცა გვესმის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები საჭიროა და იგივე ეხება აშშ-ს. მზად ვართ ყველას ხელი ჩამოვართვათ, რადგან ეს პოლიტიკაა, ქვეყნის ინტერესებია.
ვამბობთ ასეთ რამეს, რომ კი, გუშინ გინდოდა ჩემი დამხობა, ჩემი შეცვლა არჩევნებით, ამიტომ ერეოდი დემოკრატიულ არჩევნებში, მოუწოდებდი ხალხს ჩემს წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ, მაგრამ გვერდზე გადავდოთ ემოციები, გადავტვირთოთ ურთიერთობები. დამხობის მცდელობის შემდეგ რომ შეკრების თავისუფლებაზე მელაპარაკები და დამხობის მცდელობას არ ახსენებ, იმაზე ილაპარაკე, კი ბატონო, მაგრამ რომ არ ახსენებ, ეს ხომ თავის მოჭრაა, სირცხვილია. თან მანამდე, როდესაც შენს პრესსპიკერს აქვს გაკეთებული განცხადება, რითაც მხარი დაუჭირა დამხობის აქციას. ეს თავის მოჭრაა, მაგრამ ჰერჩინსკი, ეს პრესსპიკერი, კალასი, კოსი თუ ნებისმიერი სხვა, მზად ვართ, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი იმიტომ, რომ ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ. პოლიტიკაა, ქვეყნის ინტერესებია. კი, ეს უნდოდათ, მაგრამ არ შედგა და იქნებ გააცნობიერონ, რომ ახლა ჩვენ უნდა დაგველაპარაკონ და არა ისევ სცადონ „ნაცების“ დაბრუნება ხელისუფლებაში.
ჩვენ მეთოდურობით და სისტემურობით მოვიგეთ 10 არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული და ამ მეთოდურობით და სისტემურობით მოვახერხეთ გასული 4 წლის განმავლობაში 5 რევოლუციის მცდელობის აღკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა გარე მხარდაჭერა ჰქონდათ ამ რევოლუციურ მცდელობებში.
დაელოდონ ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს, არავის არ მივცემთ, მით უმეტეს, 100 და 150 კაცს არ მივცემთ საბოლოო ჯამში 4 მილიონ ადამიანზე ძალადობის შესაძლებლობას... ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, კონსტიტუციის შესაბამისად. დაცული იქნება ძირითადი უფლებების სტანდარტები, ყველაფერი იქნება დაცული, მაგრამ ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























