"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დარწმუნებულია, პაველ ჰერჩინსკის უნდა იყოს საქართველოს ელჩი, თუმცა, „Deep State“-ი ხელს უშლის ამაში.
„პაველ ჰერჩინსკის არ აძლევენ საშუალებას, რომ იმუშაოს, როგორც ელჩმა. ეს არის ერთი კონკრეტული შეფასება. ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში. ძალიან ტრაგიკული და სამწუხაროა ეს ყველაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა მას, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას“, - განაცხადა კობახიძემ.
პაველ ჰერჩინსკი, პოლონელი დიპლომატი, 2022 წლის იანვრიდან არის ევროკავშირის ელჩი საქართველოში. მანამდე იგი ბრიუსელში ევროსაბჭოს საგარეო ქმედებათა სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელი იყო. ამასთან, ჰერჩინსკი მუშაობდა ნიუ-იორკში გაეროში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციებზე.
2024 წელს ჰერჩინსკი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფასებაში.




























