Heritage Foundation-მა 2024 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ქულა 68.7-დან 68.4-მდე შემცირდა. თუმცა ამის მიუხედავად, საქართველო მთლიან რანჟირებაში 3 პოზიციით დაწინაურდა და 32-ე ადგილი დაიკავა.
ინდექსის თანახმად მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წელია მცირდება, სწორედ სხვა ქვეყნების შედეგების უფრო მეტად გაუარესებიდან გამომდინარე, საქართველოს ქულის გაუარესება პოზიციის ვარდნაში არ აისახა და საქართველო პირიქით ორი პოზიციით დაწინაურდა.
საგულისხმოა გარემოება, რომ 2023 წელს, საქართველომ ინდექსში 9 პოზიცია დაკარგა და 26-დან 35-ე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ქვეყნის ქულა 71.8-დან 68.7-მდე შემცირდა. საქართველოს ქულა შემცირდა 2022 წელსაც (77.2-დან 71.8-მდე). შესაბამისად, ბოლო 3 წელში საქართველომ ამ ინდექსში თითქმის 9 ქულა დაკარგა. 2024 წლის ინდექსში საქართველოს პოზიცია 5 კრიტერიუმში გაუარესდა, 4 კრიტერიუმში გაუმჯობესდა და 3 კრიტერიუმში უცვლელი დარჩა.
საქართველოს ქულა ინდიკატორების მიხედვით ასე ნაწილდება:
საკუთრების უფლებები - 53.3 ქულა, კლება 1 ქულა;
მთავრობის ეფექტიანობა - 61.1 ქულა, ზრდა 4.6 ქულა;
სასამართლოს ეფექტიანობა - 54.8 ქულა, კლება 8.1 ქულა;
საგადასახადო ტვირთი - 89.1 ქულა, უცვლელია;
მთავრობის ხარჯვა - 69.6 ქულა, კლება 0.4 ქულა;
ფისკალური სიჯანსაღე - 39.9 ქულა, კლება 3.1 ქულა;
ბიზნესის თავისუფლება - 74.4 ქულა, ზრდა 4.6 ქულა;
შრომითი თავისუფლება - 63 ქულა, ზრდა 0.9 ქულა;
მონეტარული თავისუფლება - 69.3 ქულა, კლება 2.7 ქულა;
სავაჭრო თავისუფლება - 86.4 ქულა, ზრდა 0.4 ქულა;
საინვესტიციო თავისუფლება - 80 ქულა, უცვლელია;
ფინანსური თავისუფლება - 80 ქულა, უცვლელია.
ინდექსის ავტორები მიუთითებენ, რომ ბოლო რამდენიმე წელში მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების მხრივ პროგრესი რეგრესით შეიცვალა და ქვეყნების მაჩვენებლები უარესდება. სწორედ გაუარესება შეეხო საქართველოსაც, თუმცა სხვა ქვეყნებზე ნაკლებად ამიტომაც ინდექსში პოზიციის წინსვლა მოხდა.
მეთოდოლოგია
ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია იკვლევს. ესენი არიან ფრეიზერის ინსტიტუტი და ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი. კვლევებზე დაყრდნობით, ისინი ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს ადგენენ.
ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრია, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. 2023 წელს გამოქვეყნებული ინდექსი ძირითადად 2021-2022 წლების მდგომარეობას ასახავს.
ეკონომიკური თავისუფლების დონე 4 ჯგუფად განაწილებულ 12 კრიტერიუმზე დაკვირვებით განისაზღვრება, ესენია: 1. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, კორუფციის დონე), 2. მთავრობის ზომა (საგადასახადო ტვირთი, მთავრობის ხარჯები, ფისკალური სტაბილურობა), 3. რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება), 4. ღია ბაზრები (საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).
ინფორმაციის წყარო სხვადასხვა კვლევა და ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებია. ცალკეული კრიტერიუმი მაქსიმუმ 100 ქულით ფასდება და ქვეყნის საბოლოო ქულა 0-დან 100-მდე მერყეობს. საბოლოო ქულების მიხედვით ქვეყნები 5 ჯგუფში ნაწილდებიან: 1. 80-100 ქულა – თავისუფალი ქვეყნები. ასეთი მხოლოდ 4 ქვეყანაა; 2. 70-79.9 ქულა – მეტწილად თავისუფალი ქვეყნები; 3. 60-69.9 – ზომიერად თავისუფალი ქვეყნები; 4. 50-59.9 ქულა – მეტწილად არათავისუფალი ქვეყნები და 5. 0-49.9 ქულა – რეპრესირებული ქვეყნები.