მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას საქებარ პოსტში "გამორჩა" ეთქვა, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ვარდნა აქვს

64131415d504a
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.23 17:05
1118
გავლენიანმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პოზიცია მთელი 9 ადგილით ჩამოქვეითდა.

საქართველო ამჟამად ინდექსში 35-ე ადგილს იკავებს. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 4 ჯგუფში შემავალი 12 კრიტერიუმისგან შედგება. ინდექსის საბოლოო შეფასება ამ კრიტერიუმებში მიღებული ქულების საშუალოს წარმოადგენს.

დღეს საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა პოსტი - "მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის - ჰერითიჯ ფაუნდეიშენის კვლევის მიხედვით, „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა."

თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საუბარია არა მთლიან ინდექსზე, არამედ მხოლოდ ერთ ქვეკომპონენტზე (Government Integrity), მეტიც ამ ქვეკომპონენტში საქართველოს ქულა წინა წელთან შედარებით გაუარესებულია, თუმცა ამ კლების შესახებ მთავრობის პოსტში ერთი სიტყვა არაა ნათქვამი.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლის ინდექსში, მთავრობის კეთილსინდისიერების ქვეკომპონენტში საქართველოს ქულა არის 62.9, ხოლო წინა წლის ინდექსში ამ კომპონენტში არსებული ქულა 64.4-ს შეადგენდა.

შესაბამისად, მთავრობის მიერ დღეს გამოქვეყნებული პოსტი მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, რადგანაც ის მოსახლეობას უმავალს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ინდექსში ქვეყნის შედეგები გაუარესებულია.

საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც “გამორჩენილია” ის მთავარი გარემოება, რომ 2023 წლის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესებულია.

“2023 წელს საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორით ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს. საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.

მთავრობების კეთილსინდისიერება შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:
• Perceptions of corruption, (კორუფციის აღქმა);
• Risk of bribery (მექრთამეობის რისკი);
• Control of corruption including “capture” of the state by elites and private interests. (კორუფციის კონტროლი, მათ შორის სახელმწიფოს „მიტაცება“ ელიტური და კერძო ინტერესებისათვის).
2022 წელს „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორში შეფასების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 62.9%-ი აიღო, რითაც 10 წლიანი პროგრესით მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა და პოზიცია 31 ადგილით გაიუმჯობესა. შედარებისათვის, 2012 წლის კვლევაში საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38%-ით იყო აღნიშნული და მსოფლიოში 69-ე ადგილი დაიკავა,”- ნათქვამია მთავრობის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ამავე საკითხთზე დღეს განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც, რომელსაც ასევე “გამორჩა” იმის აღნიშვნა, რომ ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესებულია.

„საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიო რეიტინგებში.

ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითაც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას.

კვლევის თანახმად, სხვა პარამეტრებთან ერთად, მართლმსაჯულების ეფექტიანობითაც, საქართველოს, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალი შედეგი აქვს,”- სოციალურ ქსელში წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

უფრო დეტალურად, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში გაუარესებული შედეგის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში - საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 9 ადგილით ჩამოქვეითდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები