დღეს, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და გარემოს დაცვის კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უპასუხეს. სხდომას დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რომლის შემდეგ შემაჯამებელი განცხადებები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ გააკეთეს.
„ფაქტია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, უფრო მეტი კომუნიკაცია, რათა არ იყოს ამდენი კითხვა. დღევანდელი დღე არის იმ პეტიციის ნაწილი, რომელიც პარლამენტში შემოვიდა. პროცესი, რაც ჩვენზე არის დამოკიდებული, სწორად მიმდინარეობს - საუბარია კომუნიკაციაზე. მნიშვნელოვანია, თითოეული თქვენგანის მაქსიმალური ჩართულობა, რათა კითხვები უპასუხოდ არ დარჩეს. საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ თუ გვინდა, ქვეყანა განვითარდეს, ჰესები უნდა აშენდეს და ენერგოგენერაცია გაიზარდოს ქვეყანაში, რათა სხვა ქვეყანაზე დამოკიდებული არ ვიყოთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა და ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს პეტიციაში დაფიქსირებულ კითხვებსა და მოსაზრებებზე წერილობითი პასუხის მომზადებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის: საქმე ეხება საქართველოს 10 135 მოქალაქის მიერ პარლამენტში წარდგენილ პეტიციას „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“.
თავის მხრივ, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ „21-ე საუკუნეა და ყველაფერი აშენებადია, უბრალოდ, მეტი ხარჯია გასაწევი - გარემოზე ზეგავლენაა შესაფასებელი“.
„შევთანხმდეთ, რომ სხვა საფეხურზე ვართ გადასული - 2015 წელს, პირველი გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების გაცემის დროს, ეს საკითხი ასეთი აქტუალური არ იყო, როგორც - დღეს და ძალიან დიდი მადლობა საზოგადოებას აქტიურობისთვის, მადლობა მინისტრებსაც და იმედია, მომავალშიც ჩვენი კომიტეტის ფარგლებში, წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გვექნება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მთავრობა „ნამახვანჰესის“ პროექტის საფუძვლიან რევიზიას და გადახედვას არ გეგმავს, მაგრამ კომუნიკაციისთვის მზად არის.
შეგახსენებთ: 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. ძირითადი ინვესტორი და პროექტის 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე თურქული კორპორაცია ENKA-აა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). ENKA-ში აცხადებენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროექტში 2000-მდე ადამიანს დაასაქმებენ, რომელთაგან 80% საქართველოს მოქალაქე იქნება.




























