მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰეშკილის ქოხები“ ტურისტულ სეზონს ხსნის - რა ღირს განთავსება?

645b740bb0d0e
სალომე ხიდურელი
13.05.23 18:35
4607
„100%-იანი მზადყოფნა გვაქვს იმისთვის, რომ სტუმრებს დავხვდეთ“, - ამის შესახებ BM.GE-ს სვანეთში, სოფელ ჰეშკილში არსებული ტურისტული ობიექტის, „ჰეშკილის ქოხების“ დამფუძნებელმა, დავით ფილფანმა განუცხადა. მისი თქმით, სასტუმროს მიმდინარე სეზონზე ერთდროულად 38-მდე სტუმრის მიღება შეუძლია.

„ჩვენ უკვე გვაქვს 12 ქოხი და ერთი მშენებარე კოტეჯი, რომელიც ამ თვის ბოლოს დასრულდება და ჯამში „ჰეშკილის ქოხები“ 36-38 ადამიანს დაიტევს.

ამ სეზონზე, საშუალო ფასი ერთი ადამიანის ერთი ღამით განთავსებისთვის 35-65 ლარი იქნება, კვების გარეშე. კვებისთვის ადგილზე მოქმედებს კაფე-ბარი, სადაც სტუმარი, სურვილისამებრ, მოცემული მენიუდან შეძლებენ კერძების დაგემოვნებას“, - აღნიშნავს დავით ფილფანი.

„ჰეშკილის ქოხების“ დამფუძნებელი ტურისტული ობიექტის სამომავლო გეგმებს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გაფართოებასა და სერვისების დამატებაზე უკვე მუშაობენ.

რაც შეეხება სვანეთის რეგიონის ტურისტულ ტენდენციებს, დავით ფილფანის შეფასებით, „ჰეშკილის ქოხებში“ დამსვენებელთა უმრავლესობა ადგილობრივი, ქართველი ტურისტია: „თუმცა, წლის განმავლობაში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან გვყავს ხოლმე დამსვენებლები“.

დავით ფილფანს რეგიონში კომუნიკაციის არხების გამართულობაზეც ვკითხეთ. მისი თქმით, ტურისტული ობიექტისათვის მთავარი პრობელმა უინტერნეტობაა.

„ამ ეტაპზე, ნორმალური კომუნიკაციებია, სატრანსპორტო გზა, ასე თუ ისე, ფუნქციონირებს. ერთადერთი პრობლემა ფრენებია, რომლებიც უამინდობის გამო ფერხდება ხოლმე და დამსვენებელს რეგიონში და ჩვენამდე მოღწევაში უშლის ხელს.

მთავარი პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს, ისაა, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე არ გვაქვს ინტერნეტი, რის გამოც პოტენციურ დამსვენებლებთან კომუნიკაციაც კი გვიჭირს. ძალიან დიდი ხანიაა ვთხოვთ პროვაიდერებს, რომ შემოვიდნენ. რეგიონში ისედაც არ გვაქვს პროვაიდერების დიდი რაოდენობა, არადა, უბრალოდ, ელემენტარულ მობილურის ინტერნეტს ვითხოვთ, რომ ადამიანებს დავუკავშირდეთ,“ - ამბობს დავით ფილფანი.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელზეც „ჰეშკილის ქოხების“ დამფუძნებელი საუბრობს, სვანეთში სამუშაო კადრების ნაკლებობაა. მისი თქმით, ბიზნესს ძალიან დიდი დროისა და ენერგიის ჩადება, ასევე მაღალი ფინანსური რესურსის გამოყოფა სჭირდება იმისათვის, რომ თანამშრომლები სხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები