მესტიაში მდებარე სასტუმრო „შგედის“ თანადამფუძნებელი, სოფო ჩხვიმიანი BM.GE-სთან სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ პრაქტიკა დამკვიდრდა, რომლის თანახმადაც ახლად გახსნილი სასტუმროები, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, ფასებს ხელოვნურად დაბლა წევენ.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, სასტუმროების წარმომადგენლებს შიდა მოლაპარაკებები ჰქონდათ, რათა ბაზარი არ "გაფუჭებულიყო".
„სექტორის წარმომადგენლებს მოლაპარაკებები გვქონდა, რომ ბაზარი არ გაფუჭებულიყო და ფასები დაგვერეგულირებინა, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი ამაზე არ წამოვიდა და გადაწყვიტეს, ფასები ინდივიდუალურად ათამაშონ. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სასტუმროები ერთნაირ სერვისსა და ერთი და იგივე კატეგორიის ნომერს რადიკალურად განსხვავებულ ფასად სთავაზობენ, რაც ბაზარს აფუჭებს და ასეთ სასტუმროებს სახელიც უფუჭდებათ.
ამასთან, გამოწვევაა სხვადასხვა ტურისტულ ჯგუფებში გავრცელებული არასწორი ინფორმაცია, მესტიაში არსებული ცუდი გზის შესახებ, რომელიც რა თქმა უნდა, გასაკეთებელია, მაგრამ არ არის ისეთი საშიში, როგორც ისინი ახასიათებენ,“- აცხადებს ჩხვიმიანი.
მისივე ცნობით, ორი წლის წინ ტურიზმისა და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები სექტორის წარმომადგენლებს ბათუმი-მესტიას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაჰპირდნენ, რაც სტუმრების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდიდა.
როგორც სასტუმრო „შგედის“ თანადამფუძნებელი ამბობს, გარდა ინფრასტრუქტურული ნაწილისა, რეგიონს მარკეტინგული აქტივობები და პოპულარიზაცია აკლია, რათა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო სტუმარი ჩამოვიდეს.
ინფორმაციისთვის, სასტუმრო „შგედი“ მესტია-ჰაწვალის გზაზე მდებარეობს და 2019 წელს გაიხსნა. სასტუმრო 23 ნომრისგან შედგება და დაახლოებით 55 ადამიანის განთავსება შეუძლია.