მესტია-ჰაწვალის გზაზე მდებარე სასტუმრო „შგედის“ თანადამფუძნებელი, სოფო ჩხვიმიანი BM.GE-სთან წლევანდელ ტურისტულ სეზონს აფასებს. მისი თქმით, სასტუმრო ზაფხულისთვის უკვე 70%-ით დატვირთულია. ცნობისთვის, "შგედის" აქტიური ტურისტული სეზონი მაისის ბოლოდან იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება.
„იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტულ სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ, ძირითადად ტურისტულ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, კერძოდ, საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. ასევე ქართველებიც არიან, მაგრამ ძირითადად მაინც საერთაშორისო სტუმრები გვყავს.
წინასწარი ჯავშნები ზაფხულში უკვე გვაქვს. ივლისი, აგვისტო, სექტემბერი 70%-ით არის შევსებული. თუმცა, კონკრეტული ქვეყნები ჯერჯერობით არ ვიცით, რადგან ტურისტული სააგენტოები წინასწარ არ გვეუბნებიან, რომელი ქვეყნის წარმომადგენლებს უნდა ვუმასპინძლოთ.
ჩვენთან სასტუმროში, კვების გარეშე ორადგილიანი ნომერი 100 ლარი ღირს, საუზმით 150 ლარი, ხოლო ორჯერადი კვებით (საუზმე - ვახშამი) სასტუმროში განთავსების ღირებულება, 180 ლარს შეადგენს. სასტუმროში მომხმარებელს 20-მდე სახეობის კერძს ვთავაზობთ“- აცხადებს ჩხვიმიანი.
გამოწვევებზე საუბრისას, სასტუმროს თანადამფუძნებელმა ყურადღება ტურიზმის წამახალისებელი აქტივობების მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც ჩხვიმიანმა აღნიშნა, რეგიონში აქტივობები ტურიზმს ახალისებს და სასტუმროების დატვირთულობას მნიშვნელოვნად ზრდის. ამას ცხადყოფს, ზამთრის სეზონი, როდესაც რეგიონში ჩატარებული ჩემპიონატის შედეგად, ძალიან დარტვირთულები იყვნენ.
ინფორმაციისთვის, სასტუმრო „შგედი“ 2019 წლიდან ოპერირებს. სასტუმრო ჯამში 23 ნომრისგან შედგება და მასში 55 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. სასტუმროში ამ ეტაპზე შვიდი ადამიანია დასაქმებული.