Hessink’s Tbilisi Auction House-მა 2026 წლის 27 აპრილს გამართული საერთაშორისო აუქციონის შედეგებთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა. აუქციონი საქართველოში ჩატარებული პირველი საერთაშორისო დონის აუქციონი გახდა და ქვეყნის ხელოვნების ბაზრის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
აუქციონზე გასაყიდად წარმოდგენილი 90 ლოტიდან 58 წარმატებით გაიყიდა. აუქციონის სახლის ინფორმაციით, რამდენიმე ნამუშევარმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა წინასწარ განსაზღვრულ შეფასებებს, რაც, მათი თქმით, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კოლექციონერების მხრიდან ქართული ხელოვნების მიმართ მზარდ ინტერესზე მიუთითებს.
საღამოს ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი გახდა ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის (1927–1992) „ნოეს სიზმარი“ (Dream of Noah) - ლოტი №45. ნახატი 250 000 ევროდ გაიყიდა (hammer price — მყიდველის საკომისიოს გარეშე) და აუქციონზე რამდენიმე რეკორდი დაამყარა. ნამუშევარი გახდა აუქციონზე ოდესმე გაყიდული ქართული მოდერნისტული ხელოვნების ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი.
Hessink’s Tbilisi Auction House-მა განმარტა, რომ აუქციონის დასრულების შემდეგ თავდაპირველად გამოქვეყნებული ზოგიერთი შედეგი გადაიხედა. საერთაშორისო აუქციონების პრაქტიკის მიხედვით, "ჩაქუჩის დარტყმის" მომენტში დაფიქსირებული ფასი წარმოადგენს მყიდველის მიერ შეთავაზებულ უმაღლეს შეთავაზებას, თუმცა გარიგება საბოლოოდ მხოლოდ მაშინ ითვლება დასრულებულად, როდესაც მყიდველი სრულად ასრულებს გაყიდვის პირობებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ შორის ნამუშევრის ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადაში.
იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული მყიდველი ვერ ასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებებს, გარიგება უქმდება მყიდველის მიერ პირობების დარღვევის გამო (Buyer Default). აუქციონის სახლის განცხადებით, ეს პროცედურა შეესაბამება მსოფლიოში წამყვანი აუქციონის სახლების მიერ დამკვიდრებულ საერთაშორისო პრაქტიკას. შესაბამისი ლოტები საბოლოო შედეგებიდან და კომპანიის ვებგვერდიდან ამოღებულ იქნა.

ლია შველიძე - "Blue", €10,000 - €15,000
საბოლოოდ აუქციონზე არ გაყიდულ ნამუშევრებს შორისაა ლია შველიძის სამი ნამუშევარი — ლოტები №12, №13 და №14, ასევე კაკო თოფურიას „Terror“, რომლის ღირებულებაც წინასწარი შეფასებით 22 000–27 000 ევროს შეადგენდა. აუქციონზე ნამუშევარმა 25 000 ევროს საბოლოო ღირებულებას მიაღწია, თუმცა გარიგება საბოლოოდ არ შესრულდა.
კაკო თოფურია - "Terror" €22,000 - €27,000
ასევე აუქციონზე ვერ გაიყიდა ზურაბ შექელაშვილის ხის სკულპტურები - ლოტები №55 და №56, რომელთა ღირებულებაც წინასწარი შეფასებით 16 000–21 000 ევრო იყო. აუქციონზე ასევე არ გაიყიდა ვერა ფაღავას სამი ნამუშევარი - ლოტები №87, №88 და №89. მათ შორის, ნამუშევარი „ქალი“ (Woman) - ლოტი №87 - წინასწარ შეფასებული იყო 30 000–45 000 ევროდ, ამ ლოტის აუქციონი 35 000 ევროზე დასრულდა, თუმცა საბოლოოდ გაყიდვა ვერ შედგა.

ვერა ფაღავა - "ქალი" - "Terror" €30,000 - €45,000
აუქციონის სახლის განცხადებით, პირველმა საერთაშორისო აუქციონმა საქართველოში როგორც გამოცდილი კოლექციონერები, ისე ხელოვნების ახალი მყიდველები მოიზიდა. ორგანიზატორების მიზანია საქართველოში საერთაშორისო აუქციონის სტანდარტების დანერგვა, ქართველი მხატვრების გლობალურ ბაზარზე წარმოჩენის გაფართოება და რეგიონში მდგრადი ხელოვნების ბაზრის ჩამოყალიბება.
პირველი აუქციონის გამოცდილების საფუძველზე Hessink’s Tbilisi Auction House-მა განაცხადა, რომ სამომავლო ღონისძიებებისთვის აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის, ფინანსური შემოწმებისა და რისკების მართვის პროცედურებს გააუმჯობესებს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
„გამჭვირვალე, სანდო და საერთაშორისო დონეზე აღიარებული აუქციონის ბაზრის შექმნა გრძელვადიანი პროცესია“, - აცხადებენ Hessink’s Tbilisi Auction House-ში და აღნიშნავენ, რომ კომპანია გააგრძელებს მუშაობას საქართველოს პოზიციის გასაძლიერებლად საერთაშორისო ხელოვნების ბაზარზე.




























