მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LEGO-მ გუსტავ კლიმტის "კოცნა" სამგანზომილებიან მოდელად აქცია

ლეგო კლიმტი

LEGO-მ LEGO Art Masterpiece-ის სერიის ისტორიაში ყველაზე დიდი ნაკრები — Gustav Klimt – The Kiss (31221) — წარადგინა. მოდელი ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ნამუშევრის "კოცნის" (The kiss) ანალოგზეა შექმნილი.

ახალი ნაკრები ვენის ბელვედერის მუზეუმთან თანამშრომლობით შეიქმნა, სადაც კლიმტის ნამუშევრის ორიგინალია გამოფენილი. პრეზენტაციაც სწორედ ამ მუზეუმში, ორიგინალი ტილოს გვერდით გაიმართა.

ნაკრები ზუსტად 4 000 დეტალისგან შედგება და LEGO Art-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ზომის მოდელია. ამასთან, ის სერიის ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებიცაა — მისი ფასი 299.99 აშშ დოლარია.

გუსტავ კლიმტმა „კოცნა“ 1907–1908 წლებში შექმნა. ნამუშევარი არტ-ნუვოსა და სიმბოლიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შედევრად ითვლება. ორიგინალური ტილო შესრულებულია ზეთის საღებავით და გაფორმებულია ოქროს, ვერცხლისა და პლატინის ფურცლებით.

LEGO-ს დიზაინერებმა მრავალშრიანი კონსტრუქციის, ოქროსფერი ელემენტების და სხვადასხვა ტექსტურის გამოყენებით ორიგინალური ნამუშევრის ორნამენტული სტილისა და სივრცულობის გამოსახვა დაიდეს მიზნად, რის შედეგადაც უნიკალური სამგანზომილებიანი მოდელი მიიღეს.

„გუსტავ კლიმტის „კოცნის“ LEGO-ს კუბიკებით გაცოცხლება უნიკალური შემოქმედებითი გამოწვევა იყო. ჩვენი მიზანი იყო, გადმოგვეცა ნამუშევრის მდიდარი ტექსტურები, ოქროსფერი ტონები და დახვეწილი დეტალები, ამავდროულად შეგვენარჩუნებინა ორიგინალის სული,“ — განაცხადა პროექტის მთავარმა დიზაინერმა მილან მაჯემ.

აწყობილი მოდელის სიგრძე ერთი მეტრია და LEGO Art-ის სხვა ნაკრებების მსგავსად კედელზე მაგრდება, როგორც დეკორის ნაწილი.

LEGO Art Gustav Klimt – The Kiss (31221) ფართო გაყიდვაში 4 აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი. ახალი მოდელი LEGO Art Masterpiece-ის კოლექციის ნაწილია, რომელიც უკვე მოიცავს ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“, ვინსენტ ვან გოგის „მზესუმზირებს“ და „ვარსკვლავიან ღამეს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები