მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Hill Inn” - კემპინგის კონცეფციის ახალი სასტუმრო მაღალმთიან აჭარაში

5f3d417ae7a43
ვიქტორია მღებრიშვილი
19.08.20 21:00
10853
მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში 2020 წლის მაისში კემპინგისთვის ახალი ლოკაცია გაიხსნა და ის ადგილობრივ ტურისტებში უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

როგორც ტურისტული ობიექტის ერთ-ერთი დამფძნებელი მაია ვერძაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, მას და მეგობარს მსგავსი ტურისტული ობიეტის გახსნის იდეა დიდი ხანია ჰქონდათ, თუმცა მისი განხორციელება მხოლოდ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროგრამის მეშვეობით მოხერხდა. 

„აღნიშნული პროექტი მე და ჩემმა მეგობარმა ENPARD-ის ქედის განვითარების პროგრამის ფარგლებში განვახორციელეთ. მსგავსი პროექტის განხორციელების იდეა მანამდეც გვქონდა, თუმცა მისი სისრულეში მოყვანა ევროკავშირის პროგრამით შევძელით. გასულ წელს დავიწყეთ მიწის მოძიება ქედაში და პირველივე მიწა, რაც იყო ჩემი პარტნიორის ბაბუის ნასახლარი, სადაც გადავწყვიტეთ რომ ტურისტული ობიექტი „ჰილლ ინნ“ აგვემოქმედებინ“, - აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა.



მისი ინფორმაციით, პროექტის თავდაპირველი თვითღირებულება 45 000 ლარი იყო.

„პროექტის თავდაპირველი ღირებულება 45 000 ლარს შეადგენდა, შემდეგ უკვე განხორციელების პროცესში მოვიდა დამატებითი იდეები და შესაბამისად ამან ფინანსური დანახარჯები გაზარდა, საბოლოოდ შედეგით კმაყოფილები დავრჩით. ჩვენი თანამონაწილეობა თავდაპირველ პროექტში 14 000 ლარს შეადგენდა, თუმცა გაზრდილი ხარჯების გათვალისწინებით ტურისტული ლოკაციის მოსაწყობად სრულად 85 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა“, - ამბობს „ჰილლ ინნ“-ის დამფუძნებელი.

მაია ვერძაძე ამბობს, რომ 2 ნომრისგან შემდგარი სასტუმრო, სადაც 6 ადამიანია დასაქმებული, დამსვენებლების მისაღებად მაისში უკვე მზად იყო, თუმცა პანდემიამ დამსვენებლების მიღება სასტუმრო სექტორის ამოქმედების შემდეგ გახადა შესაძლებელი.

„გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, სადაც ადამიანი წავიდოდა დასასვენებლად და მიხვდებოდა რას ნიშნავს ქალაქის რუტინიდან გაქცევა. მას ექნება სრული კომფორტი და ამავდროულად შეეძლება დატკბეს იქ არსებული ხედებით და იმ სერვისით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს დამსვენებელს. ვფიქრობთ, რომ მიზანი მიღწეულია, რადგანაც ყველა ვიზიტორის გამოხმაურება დადებითის. ბიზნესის მეტად გაფართოების იდეაზე ჩვენ უარი „ჰილლ ინნ“-ის კონცეფციიდან გამომდინარე ვთქვით. ჩვენ რომ ამ ადგილას 20 კონსტრუქცია გვქონდეს, მაშინ ეს ადგილი არ იქნებოდა ასეთი მყუდრო და მშვიდი, როგორიც ახლაა. ჩვენ ორიენტირებული ვართ მაქსიმალურად ხარისხზე და არა ნომრების რაოდენობაზე“, - აღნიშნა კემპინგის თანადამფუძნებელმა.



ტურისტული ლოკაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დამსვენებლების მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და სექტემბრამდე ჯავშნები მიღებულია. მისი თქმით, ბუნებაში დასვენების მოყვარულებს აქ ყველანაირი კომფორტისა და სიამოვმნების მიღება შეუძლიათ.

„მოთხოვნა ძალიან დიდია. აგვისტოში კემპები სრულად გვაქვს დაჯავშნილი და ამასთან სამჯერ მეტი ჯავშანი გვაქვს იმ შემთხვევაში თუ ვინმე გააუქმებს ჯავშანს რომ ჩავსვათ.



განთავსების ღირებულება 200-დან 240 ლარამდეა, ფასში შედის ნომერი და ტერასაზე არსებული აბაზანა თუ ჯაკუზი, ასევე დამატებით სერვისი გვაქვს ტყეში განთავსებული საუნა, რომელიც საერთო სარგებლობის არის და ჩილიმი. კვება ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა ნომრები სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ჭურჭლითა. ამასთან სულ ახლახანს ავამოქმედეთ საუნა, რომელიც ტყეშია განთავსებული, რომლით სარგებლობა ჩვენს დამსვენებელს შეუძლია“, - განმარტა „ჰილლ ინნ“-ის თანადამფუძნებელმა.

მისი თქმით, პროექტის განხორციელებისას მათ არაერთი გამოწვევის გადაჭრა მოუხდათ და მათი ნაწილი დღემდე მოუგვარებელია.

„პროექტის განხორციელებისას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც გვქონდა და გვაქვს არის წყლის პრობლემა. ასევე გვქონდა გზის პრობლემა, რომლის მოგვარებაში ქედის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება გვეხმარება.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს და კონკრეტულად სოფელ დანდალოს აქვს უფრო დიდი პრობლემა ვიდრე გზა, ეს არის წყლის პრობლემა, რადგან რეზერვუარი 3 კმ-ს დაშორებით არის. აქაც იმედი გვაქვს რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაგვეხმარება“, - აცხადებს მაია ვერძაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები