მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰიტლერის დაბადების სახლი პოლიციის შენობად გადააკეთეს

ჰიტლერი სახლი

ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში მდებარე შენობამ, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, ფუნქციონირება პოლიციის განყოფილების სტატუსით დაიწყო. ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილება ნეონაცისტებისთვის აღნიშნული ადგილის საკულტო პილიგრიმობის ობიექტად ქცევის პრევენციას ისახავს მიზნად.

როგორც ირკვევა, ავსტრიის მთავრობამ კერძო საკუთრებაში არსებული ტრადიციული საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევის გადაწყვეტილება ხანგრძლივი დებატების შემდეგ, 2017 წელს მიიღო, 2019 წელს კი ნაგებობის რეკონსტრუქციისა და პოლიციის განყოფილებად გარდაქმნის გეგმა წარადგინა. შენობა, სადაც ჰიტლერი 1889 წელს ოჯახის გადასვლამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხოვრობდა, ნაცისტური მმართველობის პერიოდში ხელოვნების მუზეუმს წარმოადგენდა. შენობაში წლების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქველმოქმედო ორგანიზაციაც ფუნქციონირებდა.

არსებული ინფორმაციით, შენობის თეთრ ფასადზე ამჟამად მხოლოდ წარწერა „პოლიციაა“ განთავსებული. ერთადერთ ისტორიულ სიმბოლოდ ტროტუარზე განთავსებული მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის ქვა რჩება, რომელზედაც დატანილია წარწერა: „ფაშიზმი აღარ განმეორდება“.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შტეფან მლჩოხის განცხადებით, ცვლილების მთავარ ამოცანას ჰიტლერის ფიგურასთან ნებისმიერი ასოციაციის გაწყვეტა და ობიექტისთვის მისტიკური რეპუტაციის ჩამოშორება წარმოადგენდა. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გერჰარდ კარნერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე ავსტრიის ფედერალური პოლიცია დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ემსახურება, რაც ამ ადგილის ისტორიულ სიმბოლიზმთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში ნაცისტური სიმბოლიკისა და ჰიტლერის მისალმების გამოყენება კანონმდებლობით აკრძალულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები