მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებსაც ოსკარი არასდროს მიუღიათ

ოსკარები

2 მარტს, ლოს-ანჯელესის დროით საღამოს 7 საათზე, ჰოლივუდისა და კინემატოგრაფიის მოყვარულებს “ოსკარების” 97-ე დაჯილდოება გააერთიანებთ: ამერიკის კინოაკადემია გასული წლის საუკეთესო მსახიობებსა და რეჟისორებს გამოავლენს - ისინი დოლბის თეატრს ოქროს ქანდაკებასთან, ანუ ოსკართან ერთად დატოვებენ.

რომელ ნომინაციაში ვინ გაიმარჯვებს - ყოველთვის ადვილად პროგნოზირებად არ არის. მეტიც, მიუხედავად მსოფლიოში აღიარებული ნიჭისა და სამსახიობო უნარებისა, კინოაკადემიას დაჯილდოების ცერემონიალიდან არაერთი პროფესიონალი გამოუშვია ხელცარიელი. დღეს ზოგიერთ მათგანზე გიყვებით.


  • ედვარდ ნორტონი

4-ათწლეულიანი კარიერისა და 4 ნომინაციის მიუხედავად, ედვარდ ნორტონი ოქროს “ოსკარს” ამ დრომდე არ ფლობს. წლევანდელ დაჯილდოებაზე ნორტონი მეორეხარისხოვან როლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს, ფილმისთვის “ბობ დილანი: ყველასათვის უცნობი”.


  • ემი ადამსი

ოსკარის 6 ნომინაცია მოიპოვა კარიერის განმავლობაში ემი ადამსმაც. “ივნისის ხოჭოს”, “მებრძოლის”, “ვაისის” ვარსკვლავი დღემდე არ ფლობს აკადემიის ჯილდოს. თუმცა კინოკრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მსახიობისთვის ოქროს ქანდაკების მიღება მხოლოდ დროის ამბავია.


  • რალფ ფაინსი

რალფ ფაინსმა ოსკარის პირველი ნომინაცია “შინდლერის სიაში” შესრულებული როლისთვის პირველად 1994 წელს მოიპოვა. მსახიობს არც მეორედ, 1996 წელს გაუმართლა. წელს კი ფაინსი შეეცდება, “კონკალვში” შესრულებული როლისთვის დოლბის თეატრი ოსკართან ერთად დატოვოს.



  • სირშა რონანი

30 წლის სირშა რონანი ერთ-ერთია იმ მსახიობთაგან, რომლებმაც კინოაკადემიის ყურადღება ადრეული ასაკიდანვე მიიქციეს. 13 წლის იყო, როდესაც “მონანიებაში” შესრულებული როლისთვის პირველ ნომინაციაში წარადგინეს. რონანი ოსკარებზე ბოლოს 2020 წელს, გრეტა გერვიგის “პატარა ქალებში” შესრულებული როლისთვის წარადგინეს.



  • ლიამ ნისონი

“შინდლერის სიის” კიდევ ერთი ვარსკვლავი, ლიამ ნისონი ოსკარებზე პირველად 1994 წელს წარადგინეს. მაშინ “საუკეთესო მსახიობის” ნომინაციაში გამარჯვებისთვის ოქროს ქანდაკება ტომ ჰენკსმა მოიპოვა, ნისონი კი აკადემიის დაჯილდოებაზე, როგორც ნომინანტი, აღარასდროს მოხვედრილა.



  • მიშელ უილიამსი

საპნის ოპერებში დაწყებული პროფესია მიშელ უილიამსმა მალევე აქცია წარმატებულ კარიერად. მეტიც, 2006 წლიდან დღემდე უილიამსმა ოსკარის 5 ნომინაცია მოიპოვა, - პირველი “კუზიან მთაში” შესრულებული როლისთვის - თუმცა მსახიობის 52 ჯილდოს შორის აკადემიის ოქროს ქანდაკება არც ერთია.


  • სტენლი ტუჩი

მიუხედავად არაერთი დასამახსოვრებელი როლისა ფილმებში “ჯული და ჯულია”, “ეშმაკს აცვია პრადა”, “დიდი ღამე” - სტენლი ტუჩიმ კინოაკადემიის დაჯილდოების პირველი ნომინაცია 2010 წელს, “საყვარელ ძვლებში” შესრულებული როლისთვის მოიპოვა. 2024 წელს “კონკლავში” შესრულებული როლით ტუჩიმ დაამტკიცა, რომ მისი სამსახიობო დიაპაზონი უსაზღვროა, თუმცა ნომინაციაში წარსადგენად არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.


  • გლენ ქლოუზი

კარიერის განმავლობაში საუკეთესო და მოერეხარისხოვანი მსახიობის ნომინაციებში გლენ ქლოუზი აკადემიამ რვაჯერ წარადგინა. პირველად 1983 წელს ფილმისთვის “მსოფლიო გარპის მიხედვით”. დამსახურების ჯილდოს მოსაპოვებლად ქლოუზს შანსი ბოლოს 2021 წელს მიეცა.


  • სამუელ ელ ჯექსონი

ჰოლივუდის ყველაზე დასამახსოვრებელი ხმა - სამუელ ელ ჯექსონი - საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის “ოსკარზე” 1994 წელს წარადგინეს. ოქროს ქანდაკება ჯექსონმა სახლში ვერც 2015 წელს, “საძულველ რვიანში” შესრულებული როლისთვის წაიღო.


  • ბრედლი კუპერი

საუკეთესო მსახიობის, სცენარისტის, რეჟისორისა და პროდუსერის ნომინაციებში ბრედლი კუპერმა კარიერის განმავლობაში 12 ნომინაცია მოიპოვა. მრავალფეროვანი პროექტების მიუხედავად, კინოაკადემიის დამსახურების ჯილდო კუპერმა ვერც გლობალური სენსაციისთვის, “ვარსკვლავის დაბადებისთვის” მოიპოვა.

მსახიობების მსგავსად, დავის საგანი ხშირად ხდება კინორეჟისორებისთვის აკადემიის ჯილდოს გადაცემის საკითხიც. მიუხედავად იმისა, რომ აკადემია ლეგენდარულ რეჟისორებს “ცხოვრებისეული მიღწევებისთვის” (Lifetime Achievment) ხშირად აჯილდოებს, მათი ნაწილი “საუკეთესო რეჟისორის” ნომინაციაში ოსკარებს საერთოდ არ ფლობენ.

მაგალითად, ალფრედ ჰიჩკოკი, რომლის “ვერტიგოსაც” კინომოყვარულთა დიდი ნაწილი ინდუსტრიის საუკეთესო პროდუქტად აფასებს, აკადემიის ჯილდოს საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში არ ფლობს.

“საუკეთესო რეჟისორობისთვის” ოსკარი არ მიუღია არც ვეს ანდერსონს, რომელიც ამ ნომინაციაში პირველად და უკანასკნელად “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტისთვის” წარადგინეს. მიუხედავად ამისა, ჩანს რომ აკადემიას ანდერსონის ფილმები მოსწონს და ხშირად წარადგენს სხვადასხვა კატეგორიაში.

კვენტინ ტარანტინო ხშირადაა მოხსენიებული, როგორც საუკეთესო რეჟისორი, თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკის კინოაკადემია ასე არ ფიქრობს. ტარანტინოს ბოლო ფილმი, “ერთხელ ჰოლივუდში” 2019 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც რეჟისორმა განაცხადა, რომ მისგან ინდუსტრია მხოლოდ ერთ ფილმს უნდა ელოდოს. შესაბამისად, აკადემიას კიდევ ერთი შანსი ეძლევა, ტარანტინო “საუკეთესო რეჟისორად” შეაფასოს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მსახიობებსა და რეჟისორებს აკადემიის დამსახურების ჯილდო არასდროს მიუღიათ, მათი წვლილი კინემატოგრაფიის განვითარებაში შეუფასებელია. სწორედ მათი კარიერა აჩვენებს, რომ პროფესიული წარმატება არა აკადემიის ჯილდოები და ნომინაციებია, არამედ ის მემკვიდრეობა და ისტორია, რომელსაც თითოეული მათგანი ინდუსტრიას უტოვებს. ეს მემკვიდრეობა კი ყველა ოქროს ქანდაკებაზე უფრო ღირებულიც და გამძლეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები