იაპონურმა ავტომწარმოებელმა, Honda-მ CES-ის კონფერენციაზე საზოგადოებას ახალი თაობის ელექტრომობილი Honda Zero წარუდგინა, რომელიც ფუტურისტული დიზაინით გამოირჩევა.
კრიტიკოსების შეფასებით, ელექტრომობილი ზედმეტად ჰგავს Mercedes Vision One-Eleven-ს და Tesla Cybertruck-ს, თუმცა ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ელექტრომობილების ეპოქაში პროდუქტების ერთმანეთთან დამსგავსება ინდუსტრიულ სტანდარტად ჩამოყალიბდა.
Honda-ს განცხადებით, Zero-ს სერიის ელექტრომობილები კონკურენტებთან შედარებით მოქნილობით და სიმსუბუქით იქნებიან გამორჩეულნი. ზუსტად როგორ აპირებს იაპონური კომპანია ფიზიკის კანონების დაძლევას და ელექტრომობილის მძიმე ბატარეების შემსუბუქებას, ამ საკითხზე Honda საჯაროდ არ საუბრობს.
ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ Honda Zero აღჭურვილი იქნება ავტოპილოტის ფუნქციით, ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტით და ავტონომიური მართვის რეჟიმით, რაც მგზავრებს განტვირთვის და კომფორტული მგზავრობით სიამოვნების მიღების საშუალებას მისცემს.