ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ვარდნის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ძირითადი საფონდო ინდექსის, Hang Seng-ის ღირებულება ერთთვიან ჭრილში 7.3%-ითაა შემცირებული, ერთწლიან პერიოდში კი ვარდნის მაჩვენებელი 37%-ს აღწევს.
რაც შეეხება ისტორიულ მონაცემებს, ჰონგ-კონგის საფონდო ინდექსი ამჟამად 2008 წლის ფინანსური კრიზისის პერიოდში დაფიქსირებულ მინიმალურ ნიშნულამდეა შემცირებული, თავად ბირჟის ვარდნის სიმკვეთრე კი სწორედ 2008 წელს მოგვაგონებს.
Hang Seng-ის ინდექსის ვარდნა, რომელიც უმსხვილესი ჩინური კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის მკვეთრი შემცირებითაა განპირობებული, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია მმართველი კომუნისტური პარტიის არჩევნებთან, კერძოდ, ქვეყნის ლიდერად აწ უკვე მესამე ვადით პრეზიდენტ სი ძინპინის არჩევასთან და უმაღლეს პოზიციებზე მისი თანამოაზრეების დანიშვნასთან, რაც იმის მკაფიო მანიშნებელია, რომ ძინპინი ძალაუფლების დათმობას არც მომავალში გეგმავს.
ძინპინის ორსაათიანი სიტყვით გამოსვლიდან ინვესტორებისათვის ყველაზე ყურადსაღები ნულოვანი კოვიდპოლიტიკის გაგრძელების ანონსი აღმოჩნდა, რომლის ნეგატიური ეკონომიკური ეფექტიც ქვეყანამ უკვე მკაფიოდ იხილა, კერძოდ, მიმდინარე წლის II კვარტალში ჩინეთის მშპ მხოლოდ 0.4%-ით გაიზარდა, კორპორაციული შემოსავლები კი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ინვესტორები ვარაუდობენ, რომ სი ძინპინი ძალაუფლების გამყარების პროცესს განაგრძობს, ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლად კეთება კი სულ უფრო მეტად გართულდება, განსაკუთრებით კი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მმართველი კომუნისტური პარტიის კეთილგანწყობით ვერ სარგებლობენ, მათ შორის უმსხვილესია ჯეკ მას მიერ დაფუძნებული Alibaba და Ant Group-ი.
მართალია, მიმდინარე წლის III კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, 3.9%-ით გაიზარდა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი ინვესტორების გადასარწმუნებლად და ნეგატიური მოლოდინების გასაქარწყლებლად.
ერთთვიან ჭრილში Alibaba-ს აქციები 13.2%-ითაა შემცირებული; Tencent-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 12.9%-ით შემცირდა; Pinduoduo-ს აქციების ფასი 14%-ითაა შემცირებული, ხოლო Baidu-ს აქციები თითქმის 30%-ით დაეცა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.




























