ჰონგ-კონგის საბოლოო აპელაციის სასამართლოს კიდევ ერთი უცხოელი მოსამართლე ტოვებს. ეს სასამართლო, რომელიც დიდწილად, უცხოელი მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული და ადმინისტრაციული ერთეულის ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლოა, ჰონგ-კონგის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი განმსაზღვრელია. თუმცა, ბოლო დროს, სასამართლოდან უცხოელი მოსამართლეების გადინება ტენდენციად ჩამოყალიბდა, რაც ინვესტორებში ბევრ კითხვას აჩენს.
ამჯერად, მანდატის გაგრძელებაზე უარის თქმა ბრიტანელმა ნიკოლას ფილიპსმა გადაწყვიტა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა პალატის წევრიცაა. ამ თანამდებობას 86 წლის ფილიპსი 2012 წლიდან იკავებს, ხოლო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას პირადი მიზეზებით ხსნის. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი, რომელიც, ბოლო დროს, მეტად პოლიტიკური გახდა. სხვა მოსამართლემ, ჯონათან სამფშენმა მოსამართლეობა სწორედ ჩინეთის ხელისუფლების ზეწოლას დააბრალა.
ნიკოლას ფილიპსის წასვლის შემდეგ, ჰონგ-კონგის საბოლოო აპელაციის სასამართლოში მხოლოდ ექვსი უცხოელი მოსამართლე დარჩება, როცა 2019 წელს ადმინისტრაციული ერთეულის უმაღლეს სასამართლოში თხუთმეტი პროფესიონალი ირიცხებოდა. ასე ცოტა უცხოელი მოსამართლე ჰონგ-კონგში მხოლოდ მაშინ იყო, როცა ისტორიულად ბრიტანული კოლონია ჩინეთის დაქვემდებარებაში გადავიდა. მომავალ წელს, უფლებამოსილება კიდევ ორ უცხოელ მოსამართლეს ეწურება და თუ ამ დრომდე ახალი მოსამართლეები არ დაინიშნნენ ან არსებულმა კონტრაქტი არ გაახანგრძლივეს, საბოლოო აპელაციის სასამართლო ოთხი უცხოელი მოსამართლის ამარა დარჩება.
რატომ განაგებენ ჰონგ-კონგის სამართალს უცხოელი მოსამართლეები? - ჰონგ-კონგის სამართლებრივი სისტემის ეს თავისებურება მის წარსულს უკავშირდება. გაერთიანებულ სამეფოში, მოგეხსენებათ, ანგლოამერიკული სისტემა მოქმედებს, რაც ჰონგ-კონგს, როგორც იმპერიის ყოფილ კოლონიას, მემკვიდრეობით ერგო. საპირწონედ, ჩინეთში სამოქალაქო სამართალი არის გავრცელებული, რაც ნიშნავს, რომ ჰონგ-კონგის სასამართლოების გამართული ფუნქციონირებისთვის ანგლოამერიკული სისტემის მცოდნე მოსამართლეების გადმობირება არის საჭირო.
თუმცა სასამართლო სისტემის განგრძობადობის უზრუნველყოფის გარდა, ჰონგ-კონგში საკუთარი სამართლებრივი სისტემის არსებობა, გარკვეულწილად, კონტინენტური ჩინეთისგან განსხვავების შესანარჩუნებლადაც არის საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში კომუნისტური წყობა მოქმედებს, რომელიც, აპრიორი, ბიზნესს დიდად არ სწყალობს, ჩინეთის ხელისუფლებას, რომელსაც ინვესტიციების მოზიდვა ცალსახად სურს, იძულებულია, ჰონგ-კონგში მეტ-ნაკლებად სამართლიანი და მიმზიდველი თამაშის წესები შექმნას. უცხოელ მოსამართლეებს ინვესტორები და კორპორაციები მეტად ენდობიან, რაც ჰონგ-კონგის, როგორც გლობალური ფინანსური ჰაბის არსებობას, შესაძლებელს ხდის.
უცხოელი მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკა იშვიათია, მაგრამ ჰონგ-კონგთან ერთად, მას სხვა ქვეყნებშიც ვხვდებით, მაგალითად, ბრუნეიში, ფიჯიზე, სინგაპურში, ბოტსვანაში და მავრიკში. ბევრი ამ ქვეყნის შემთხვევაში, სამართლებრივი პრაქტიკის ეს თავისებურება სწორედ ისტორიულ ბრიტანულ გავლენას უკავშირდება.