სასმელების ინდუსტრიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართულ შეხვედრაზე პლასტიკის ბოთლების მინით ჩანაცვლების საკითხზე კონკრეტული ინიციატივა დააყენა.
საქმე ისაა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმით, პირველ ეტაპზე პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების შესყიდვის შეზღუდვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს შეეხება, შემდეგ კი ეს რეგულაცია ჰორეკა სექტორსაც უნდა შეეხოს.
როგორც "ეფეს საქართველოში“ BMG-ის განუცხადეს, უმჯობესი იქნება, თუკი ჰორეკა სექტორი თავად გადაწყვეტს, როგორ ბოთლში ჩამოსხმული პროდუქციის შეძენა ურჩევნია - პლასტიკის თუ მინის ბოთლებში.
„როდესაც ვსაუბრობთ პლასტიკის ბოთლზე, მაგალითად სასტუმრო, რომელიც პრემიალურ სეგმენტში არის პოზიციონირებული, ის პლასტიკის ბოთლს ისედაც ნაკლებად შეისყიდის. ჩვენი შეთავაზებაა რომ ჰორეკა სექტორმა თვითონ გადაწყვიტოს, რომელ სეგმენტში უნდა. თუ არის მაგალითად პრემიალური სასტუმრო, ის ყოველთვის შუშის ბოთლს იყიდის. თუ არ არის პრემიალური, მცირე და საშუალო ბიზნესია, მათ შორის საოჯახო ბიზნესი, რესტორნები, კაფეები და ა.შ, მათ არ უნდა დავავალდებულოთ შუშის ბოთლის ყიდვა, რადგან მათ ფასწარმოქმნის და ლოგისტიკური პრობლემები შეიძლება შეექმნათ. გვინდა, რომ ინდუსტრიამ თვითონ გადაწყვიტოს, რომელ შეფუთვას იყიდის“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
მისივე თქმით, მათი საწარმოს შემთხვევაში, ახალ რეგულაციაზე გადასვლა მნიშვნელოვანი გამოწვევა არ იქნება, თუმცა დამატებითი ხარჯები იქნება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის.
„ზოგადად, ინდუსტრიისთვის ეს ცუდი არ არის იმ თვალსაზრისით, რომ შუშის შეფუთვა ყველასთვის არის მაღალმარჟიანი, ვიდრე პლასტიკის შეფუთვა. შესაბამისად, თუ პრაგმატულად შევხედავთ, დიდ ინდუსტრიებს, მათ შორის დიდ კომპანიებს, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს, რომ შუშის ბოთლზე გადავიდეთ. მაგალითად, ლუდის ინდუსტრია ერთ დღეს რომ მთლიანად შუშის ბოთლსა და ქილაზე გადავიდეს, ჩვენი შემოსავლები გაიზრდება. თუმცა გარკვეული პერიოდი იქნება პრობლემური“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.




























