მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორმუზის ჩაკეტვის გამო, პანამის არხში გემებისთვის გადასახადი $4 მილიონამდე გაძვირდა

პანამა

პანამის არხის ადმინისტრაციის განცხადებით, ბოლო კვირებში კომპანიებს არხში გემების გადაყვანის დაუგეგმავად, ბოლო წუთს ორგანიზებისთვის თითქმის 4 მილიონი დოლარის გადახდა უწევთ.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანის ომის გამო ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ გლობალურ სავაჭრო ნაკადებში შეფერხება გამოიწვია.

ჩვეულებრივ, არხში გავლა წინასწარი ჯავშნით და ფიქსირებული ტარიფით ხდება, თუმცა ჯავშნის არმქონე კომპანიებს შეუძლიათ აუქციონში მიიღონ მონაწილეობა და, ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზებით, არხში გავლის უფლება მოიპოვონ. სხვა შემთხვევაში, მათ პანამა-სიტის სანაპიროსთან რიგში დღეობით ლოდინი მოუწევთ.

ბოლო კვირებში აუქციონზე ადგილებზე მოთხოვნამ და ფასებმა მკვეთრად მოიმატა, რადგან ირანსა და აშშ-ს შორის სრუტეზე წვდომის გამო დაპირისპირებამ მოძრაობა შეაფერხა. სულ უფრო მეტი კომერციული გემი, იმისთვის რომ ირანის სანაპიროსთან მდებარე საწყლოსნო გზას აარიდოს თავი, ტვირთს პანამის არხის გავლით ეზიდება.

"ყველა ამ დაბომბვის, რაკეტებისა და დრონების ფონზე... კომპანიები ამბობენ, რომ პანამის არხის გავლა უფრო უსაფრთხო და იაფია", - აცხადებს პანამა-სიტიში მოღვაწე იურისტი და ანალიტიკოსი როდრიგო ნორიეგა.

პარალელურად, მისივე თქმით, პანამის მთავრობა "მაქსიმალურ სარგებელს იღებს პანამის არხიდან".

არხის გავლის საშუალო ფასი, გემის ტიპის მიხედვით, 300 000-დან 400 000 დოლარამდე მერყეობს. ადრე, რიგის დასაჩქარებლად, ბიზნესი დამატებით 250 000-დან 300 000 დოლარამდე იხდიდა. თუმცა, ბოლო კვირებში საშუალო დამატებითი ხარჯი 425 000 დოლარამდე გაიზარდა.

არხის გავლით ტრანსპორტირდება ჩინეთიდან ევროპაში (ან პირიქით) და ჩინეთიდან აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მიმავალი ისეთი საქონელი, როგორიცაა ავტონაწილები, მარცვლეული და სამომხმარებლო ელექტრონიკა.

პანამის არხით ნავთობის გარკვეული ნაწილიც გადაიზიდება, თუმცა, ზომის შეზღუდვების გამო, ის ჰორმუზის სრუტის მასშტაბურ ალტერნატივას ვერ წარმოადგენს - ნავთობის ყველაზე დიდი, ე.წ. ულტრამსხვილი საკონტეინერო გემები (ULCV) არხისთვის ზედმეტად დიდია.

არხის ადმინისტრატორმა, რიკაურტე ვასკესმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ (რომლის ვინაობაც არ დაუსახელებია) არხის გავლისთვის დამატებით 4 მილიონი დოლარი გადაიხადა, როდესაც გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო მის საწვავმზიდს დანიშნულების ადგილის შეცვლა მოუწია.

ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, რიგის დასაჩქარებლად არსებულ ტარიფთან ერთად დამატებით 3 მილიონ დოლარზე მეტი სხვა ნავთობკომპანიებმაც გადაიხადეს.

ვასკესის განმარტებით, დამატებითი გადასახადები იზრდება არა იმიტომ, რომ არხთან გემების რიგი დგას, არამედ ბოლო წუთს შეცვლილი გეგმებისა და ფართო სავაჭრო ქაოსის ფონზე გემების მხრიდან არხის სასწრაფოდ გავლის აუცილებლობის გამო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ხარჯებს კომპანიები დროებით, ვითარების გადაუდებლობიდან გამომდინარე იღებენ საკუთარ თავზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები