მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი დარჩება" - ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა პირველი საჯარო მიმართვა გაავრცელა

მოჯთაბა ხამენეი

ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ქვეყანას ერთიანობისკენ მოუწოდებს და ბოლო პერიოდში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად გამოწვეულ მძიმე დანაკარგებზე საუბრობს.

„ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი დარჩება, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი“, - ნათქვამია ხამენეის განცხადებაში.

სახელმწიფო ტელევიზიით წაკითხულ მიმართვაში ხამენეიმ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და პირობა დადო, რომ მიყენებული ზარალი ანაზღაურდება.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ერთიანობა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ერთად ვიქნებით და საერთო ენას გამოვნახავთ.

ჩვენ გვქონდა კარგი ურთიერთობა ყველა 15 მეზობელ ქვეყანასთან…ჩვენ მხოლოდ ამ სამხედრო ბაზებს დავესხით თავს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, აუცილებლად გავაგრძელებთ…ამ ქვეყნებმა ნათლად უნდა ახსნან თავიანთი მოვალეობა ჩვენი საყვარელი სამშობლოს დამპყრობლებისა და ჩვენი ხალხის მკვლელების წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მიმართვაში ხამენეიმ ხაზი გაუსვა, რომ ხალხის ტკივილი მისთვის უცხო არ არის, რადგან ბოლო სარაკეტო დარტყმების შედეგად მან ოჯახის წევრები, მათ შორის მამა, ქვეყნის ყოფილი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი დაკარგა.

„მე დავკარგე მამა, დავკარგე მეუღლე. ჩემმა დამ დაკარგა შვილი და ქმარი,“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ განსაცდელის გადატანაში მას რწმენა და მოთმინება ეხმარება.

მიმართვის დასასრულს, მოჯთაბა ხამენეიმ მკაცრი ტონი გამოიყენა და განაცხადა, რომ „მოწამეთა“ სიკვდილი დაუსჯელი არ დარჩება. ხამენეის განცხადებით, ხელისუფლება არ დაივიწყებს შურისძიებას დაღვრილი სისხლისთვის.

ან აღნიშნა, რომ საუბარია არა მხოლოდ უზენაესი ლიდერის მკვლელობაზე, არამედ „თითოეულ თანამემამულეზე, რომელიც ბოლო ომის დროს დაიღუპა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები