ნავთობის ბაზრები მიწოდების უწყვეტობის შესანარჩუნებლად რამდენიმე ვიწრო საზღვაო დერეფანზე არიან დამოკიდებულნი. ნავთობის მიწოდების ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვანძები გლობალური ენერგეტიკული სისტემის არტერიებია, რომლებზეც დღეში ათობით მილიონი ბარელი ნავთობი გადის.
Visual Capitalist-ის ვიზუალიზაციის მონაცემები აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციას (EIA) ეყრდნობა. ის აჩვენებს 2025 წლის პირველ ნახევარში ძირითად საზღვაო კვანძებზე გამავალი ნედლი ნავთობისა და თხევადი ნავთობპროდუქტების მოცულობას, მილიონი ბარელით დღეში (mb/d) და მათ წილს მსოფლიო საზღვაო ნავთობით ვაჭრობის მთლიან მოცულობაში.
ჯამში, საანგარიშო პერიოდში მთავარ საზღვაო კვანძებზე დღეში საშუალოდ 73 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა, რაც გლობალურად ზღვით ვაჭრობის უდიდეს ნაწილს შეადგენს.
მალაკის სრუტე, რომელიც მალაიზიასა და ინდონეზიას შორის მდებარეობს, მსოფლიოს ყველაზე დატვირთული ნავთობის სატრანსპორტო კვანძია. 2025 წლის პირველ ნახევარში ამ ვიწრო არხში დღეში დაახლოებით 23.2 მილიონი ბარელი გადიოდა, რაც გლობალური საზღვაო ნავთობით ვაჭრობის დაახლოებით 29.1%-ია.
| მდებარეობა | 2025 H1 მოცულობა (mb/d) | მსოფლიო საზღვაო ნავთობით ვაჭრობის % |
|---|---|---|
| მალაკის სრუტე | 23.2 | 29.1% |
| ჰორმუზის სრუტე | 20.9 | 26.2% |
| კეთილი იმედის კონცხი | 9.1 | 11.4% |
| დანიის სრუტეები | 4.9 | 6.1% |
| სუეცის არხი და მილსადენი SUMED | 4.9 | 6.1% |
| ბაბ-ელ-მანდების სრუტე | 4.2 | 5.3% |
| თურქეთის სრუტეები (დარდანელი) | 3.7 | 4.6% |
| პანამის არხი | 2.3 | 2.9% |
მალაკის სრუტე ინდოეთის ოკეანეს სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან აკავშირებს, რაც მას ჩინეთისკენ, იაპონიისა და სამხრეთ კორეისკენ ნავთობის გადაზიდვის გადამწყვეტ მარშრუტად აქცევს. მისი სივიწროვე და მძიმე ტრაფიკი მას საცობებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიმართ მოწყვლადს ხდის.
ჰორმუზის სრუტე: კრიტიკული ენერგეტიკული არტერია
ჰორმუზის სრუტემ, რომელიც ომანსა და ირანს შორის მდებარეობს, 2025 წლის პირველ ნახევარში დღეში დაახლოებით 20.9 მილიონი ბარელი (გლობალური ნავთობის მოხმარების დაახლოებით მეხუთედი) გაატარა. ის აკავშირებს სპარსეთის ყურეს ომანის ყურესთან და არაბეთის ზღვასთან. სრუტე საკმარისად ღრმა და ფართოა იმისთვის, რომ მსოფლიოს უდიდესი ნედლი ნავთობის ტანკერები მიიღოს.
ჰორმუზში გამავალი ნედლი ნავთობის დაახლოებით 84% აზიის ბაზრებისთვის - ჩინეთისთვის, ინდოეთისთვის, იაპონიისა და სამხრეთ კორეისთვის არის განკუთვნილი. ვინაიდან სპარსეთის ყურეში მოპოვებული ნავთობის უდიდესი ნაწილი ამ მარშრუტზეა დამოკიდებული, ნებისმიერ შეფერხებას გლობალურ ნავთობის ფასებზე სერიოზული შოკის გამოწვევა შეუძლია.
სხვა საკვანძო კვანძები მსოფლიოს მასშტაბით
მალაკასა და ჰორმუზის გარდა, გლობალურ ნავთობის ნაკადებში მნიშვნელოვან როლს რამდენიმე სხვა გასასვლელიც თამაშობს. სუეცის არხმა და SUMED-ის მილსადენმა (რომლებიც წითელ ზღვას ხმელთაშუა ზღვასთან აკავშირებს), დღეში დაახლოებით 4.9 მილიონი ბარელი გაატარეს. იქვე მდებარე ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე (რომელიც წითელ ზღვას ადენის ყურესთან აკავშირებს) დღეში დაახლოებით 4.2 მილიონი ბარელი გადიოდა.
ევროპაში დანიისა და თურქეთის სრუტეები რუსული და კასპიური ნავთობის ექსპორტის ძირითად კარიბჭეებს წარმოადგენენ, რომლებზეც დღეში შესაბამისად 4.9 და 3.7 მილიონი ბარელი გადის.
ამავდროულად, პანამის არხი დღეში დაახლოებით 2.3 მილიონი ბარელს ატარებს, ხოლო უფრო გრძელი ალტერნატიული მარშრუტები, დღეში დაახლოებით 9.1 მილიონ ბარელს ატარებს. ასეთია მაგალითისთვის ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებს შორის "კეთილი იმედის კონცხი".




























