ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირების ესკალაციამ ჰორმუზის სრუტეში ენერგორესურსების გადაზიდვა მკვეთრად შეამცირა. საზღვაო ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, სამშაბათს სრუტეში მხოლოდ 12-მა ხომალდმა გაიარა. შესაბამისად, სპარსეთის ყურის მთავარ საზღვაო არტერიაში ტანკერების მოძრაობის ინტენსივობა ომამდელი მაჩვენებლის 10%-ზე ნაკლებ ნიშნულამდეა შემცირებული.
როგორც ირკვევა, ამ 12 ხომალდიდან 10-მა მარშრუტი ირანის მიერ განსაზღვრული დერეფნით გაიარა. დანარჩენი ორი გემის გადაადგილების ზუსტი ტრაექტორია კი დაუდგენელია.
კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ სამ ტანკერზე იერიშის მიტანამაც. თეირანის ცნობით, ამ ხომალდებმა გაფრთხილება უგულებელყვეს და „უკანონო“ მარშრუტით გადაადგილება სცადეს, რასაც ლეგიტიმურად უპასუხეს.
ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურიდან ენერგორესურსების ექსპორტის ძირითადი გზაა. ხუთი თვის წინ ირანში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სრუტეში ნავიგაცია საგრძნობლად შეიზღუდა, რამაც გლობალურ ბაზრებზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეაფერხა.




























