მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების შეჯახებასთან დაკავშირებით Greenpeace გაფრთხილებას ავრცელებს

ჰორმუზი

ჰორმუზის სრუტეში ორი ნავთობტანკერის ერთმანეთთან შეჯახებას პოტენციურად ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა შეუძლია - ამის შესახებ გაფრთხილებას გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Greenpeace ავრცელებს.

ორი ტანკერი, ADALYNN და Front Eagle ერთმანეთს ომანის ყურეში 17 ივნისს შეეჯახნენ, რასაც გემებზე ცეცხლის გაჩენა მოჰყვა. ეკიპაჟის წევრები ტანკერებიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპირო დაცვამ გამოიყვანა, რომელთა ინფორმაციითაც, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Greenpeace-მა შეისწავლა NASA-ს სატელიტური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ტერიტორიის ტემპერატურულ რუკაზე თბური ტალღები შეინიშნება. ორგანიზაციის თანახმად, სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ ნავთობის კონცენტრაცია წყალში შეჯახების ადგილიდან 1500 ჰექტარზე ფიქსირდება.

როგორც ცნობილია, 23-წლოვანი ADALYNN რუსული “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილი იყო, რომელში შემავალი გემებიც უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს ხშირად ვერ აკმაყოფილებენ ხოლმე. სავარაუდოდ, ამ ტანკერით 70 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდებოდა.

“ეს ერთ-ერთია იმ მრავალი სახიფათო ინციდენტიდან, რომლებიც ბოლო წლებში მოხდა. ნავთობის მსგავსი გაჟონვა წყლის სამყაროს საფრთხეს უქმნის”, - განაცხადა Greenpeace-ის შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დივიზიის წარმომადგენელმა.

შეჯახებაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია. უცნობია, რამ გამოიწვია ინციდენტი, თუმცა უსაფრთხოების ბრიტანული კომპანია Ambrey-ში მიიჩნევენ, რომ ის ისრაელსა და ახლომდებარე ირანს შორის კონფლიქტით არ უნდა ყოფილიყო გამოწვეული.

ჰორმუზის სრუტე სტრატეგიული საზღვაო გზაჯვარედინია, რომელიც მსოფლიოში ნავთობის ⅕-ის გატარებაში მონაწილეობს. 2024 წელს ამ გზით დღიურად საშუალოდ 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები