"საერთაშორისო სამართლის თანახმად, საზღვაო გზებზე, როგორიცაა ჰორმუზის სრუტე, ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ეს არის ის, რაც დღეს ლიდერებმა ნათლად განაცხადეს ვირტუალურ სამიტზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხს ეხებოდა.
„საფასურის გადახდის ნებისმიერი სქემა სახიფათო პრეცედენტს შექმნის გლობალური საზღვაო მარშრუტებისთვის. ირანმა უარი უნდა თქვას ტრანზიტის საფასურის დაწესების ნებისმიერ გეგმაზე“, - აცხადებს კალასი.
ევროპა თავის როლს შეასრულებს ენერგიისა და ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის აღდგენაში, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდება. ევროკავშირის საზღვაო მისია „ასპიდესი“ უკვე მოქმედებს წითელ ზღვაში და მისი სწრაფად გაძლიერება შესაძლებელია რეგიონში გადაზიდვების დასაცავად. ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერის უსწრაფესი გზა“, - აცხადებს კალასი.
ცნობისთვის: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის შესახებ დღეს განაცხადეს, რაც სპარსეთის ყურედან ნავთობტანკერების შეუფერხებელ გადაადგილებასა და გლობალური ბაზრისთვის ნედლეულის მიწოდებას ჩვეულ რეჟიმში აღადგენს.
მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული ფლოტის მიერ ირანული პორტების ბლოკადა მანამ გაგრძელდება, სანამ ოფიციალურ თეირანთან სამშვიდობო შეთანხმება საბოლოოდ არ გაფორმდება. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, პროცესის დასრულება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი, რადგან საკითხთა უმეტესობაზე მხარეებს შორის კონსენსუსი უკვე მიღწეულია.
სრუტის გახსნის გადაწყვეტილება ლიბანში გამოცხადებულ 10-დღიან ზავს უკავშირდება, რომელიც ამ ეტაპზე სტაბილურად ნარჩუნდება და ისრაელის მხრიდან იერიშების შეჩერებას ითვალისწინებს. აბას არაღჩიმ განმარტა, რომ კომერციული გემებისთვის ნაოსნობა ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში სრულად ნებადართულია.



























