საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვისგან გამოწვეული კრიზისის გადალახვის შემდეგ, 2027 წელს, ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვანი სიჭარბე დაფიქსირდება.
კერძოდ, IEA-ს შეფასებით, ომმა ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მოპოვება დღეში 14 მილიონზე მეტი ბარელით შეზღუდა. 2027 წლის პირველად პროგნოზში კი სააგენტო აღნიშნავს, რომ მომავალ წელს ნავთობის ბაზარი მნიშვნელოვან სიჭარბეს განიცდის, რადგან მიწოდება დღეში 8 მილიონი ბარელით გაიზრდება, ხოლო მოთხოვნა - მხოლოდ 2 მილიონი ბარელით.
"2027 წელს მიწოდების დიდმა სიჭარბემ შესაძლოა ბაზარს სასურველი შვება მისცეს და შექმნას ამოწურული მარაგების შევსების ან ახალი სტრატეგიული რეზერვების შექმნის შესაძლებლობა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როცა ქვეყნები კრიზისის საპასუხოდ საკუთარ ენერგოსტრატეგიებსა და პოლიტიკას გადახედავენ", - განაცხადა IEA-მ.
IEA-ს ცნობით, ივნისის დასაწყისისთვის სრუტეში ტრანზიტი უკვე იზრდებოდა. ეს ომანის ყურეში გემიდან გემზე გადატვირთვის ოპერაციების გახშირებამ განაპირობა, რამაც ახლო აღმოსავლეთის მთლიანი ნაკადები მაისის მინიმუმიდან (9.6 მლნ ბარელი) დაახლოებით 12 მილიონ ბარელამდე გაზარდა.
"თუ შეთანხმება ძალაში დარჩება, სპარსეთის ყურიდან ექსპორტი და წარმოება ეტაპობრივად უნდა აღდგეს - მით უმეტეს, რომ აშშ-ის ბლოკადის მოხსნის შემდეგ ირანული ნავთობის ექსპორტის სრულად განახლება გახდება შესაძლებელი", - აცხადებს სააგენტო, რომელიც ინდუსტრიულ ქვეყნებს კონსულტაციას უწევს.
თუმცა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, პოლიტიკური და საოპერაციო შეზღუდვები, მათ შორის გახანგრძლივებული განაღმვითი სამუშაოები და ტრანზიტთან დაკავშირებული მოუგვარებელი საკითხები, ახლო აღმოსავლეთის აღდგენის პროგნოზში დაღმავალ რისკებს ტოვებს.
მთლიანობაში, IEA-ს პროგნოზით, 2026 წელს ნავთობის მიწოდება 3.9 მილიონი ბარელით შემცირდება, რადგან ახლო აღმოსავლეთში წარმოების დანაკარგები ამერიკის კონტინენტზე მოპოვების ზრდას გადააჭარბებს.
რუსული ნედლი ნავთობისა და გადამუშავებული საწვავის ექსპორტი მაისში სტაბილური იყო და დაახლოებით 7.4 მილიონ ბარელს შეადგენდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ გადამმუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმები გრძელდებოდა. თუმცა, IEA-ს განმარტებით, ამ თავდასხმებმა რუსეთი აიძულა, პრიორიტეტი შიდა ბაზრის საწვავით მომარაგებისთვის მიენიჭებინა და ნედლი ნავთობის ექსპორტი მაქსიმალურად გაეზარდა.
IEA-ს შეფასებით, წელს გლობალური ნავთობის მოთხოვნა დღეში 1.1 მილიონი ბარელით შემცირდება. ეს მაჩვენებელი კი აპრილ-ივნისის პერიოდში დაფიქსირებულ 5-მილიონიან კლებას მოსდევს.
მოთხოვნის შემცირება გასცდა იმ რეგიონებს, რომლებიც თავდაპირველად ყველაზე მეტად დაზარალდნენ ირანის ომით. IEA აღნიშნავს, რომ ყველა ძირითადი საწვავის (განსაკუთრებით კი ბენზინის) მიწოდება "თითქმის ყველა რეგიონში წნეხის ნიშნებს ავლენს".
თუმცა, სააგენტოს პროგნოზით, მომავალ წელს მოთხოვნა სწრაფად აღდგება და გაიზრდება, რასაც ნავთობის ფასების ვარდნა და ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესება შეუწყობს ხელს.
ამავდროულად, OPEC-მა საკუთარ ყოველთვიურ ანგარიშში 2026 წლის ნავთობის მოთხოვნის ზრდის პროგნოზი 970 000 ბარელამდე შეამცირა.
Reuters-ის გამოთვლებით, IEA-ს პროგნოზი მიუთითებს, რომ 2026 წელს მიწოდება მთლიან მოთხოვნას დაახლოებით 920 000 ბარელით ჩამორჩება. ეს წინა თვის ანგარიშში ნავარაუდევ 1.78-მილიონიან დეფიციტთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება 2027 წელს, IEA-ს პროგნოზით, მომავალ წელს მიწოდება მოთხოვნას დღეში 5.05 მილიონი ბარელით გადააჭარბებს. მოთხოვნის ზრდას მიწოდების მკვეთრი მატება გადაფარავს, რადგან ბაზარს ახლო აღმოსავლეთის ბარელები დაუბრუნდება.
ეს მაჩვენებელი აღემატება 2026 წლისთვის IEA-ს მიერ მანამდე (2025 წლის ნოემბრის ანგარიშში) ნავარაუდევ 4.09 მილიონი ბარელის სიჭარბეს.
თუმცა, IEA აღნიშნავს, რომ ნავთობის მარაგები შესაძლოა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცეს, სანამ მიმდინარე წლის ბოლოსკენ ბაზრის ბალანსი სიჭარბისკენ შეიცვლება.
IEA-ს წინასწარი მონაცემებით, 28 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ მარაგები დღეში 3.8 მილიონი ბარელით იკლებდა, ხოლო მხოლოდ მაისში მარაგების კლებამ დაახლოებით 4.6 მილიონი ბარელი შეადგინა.




























