"სილქნეტმა" თბილისის ცენტრალურ ნაწილში 5G ინტერნეტი ჩართო. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ იმ არსებულ სიხშირულ რესურსზე მეხუთე თაობის ტექნოლოგია დანერგა , რომელზედაც ლიცენზია უკვე გააჩნდა და დამატებით სიხშირეები არ შეუძენია, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ ახალი ტექნოლოგიის დასანერგად განსაზღვრა.
BMGTV-ის გადაცემა "საქმიან დილაში" სილქნეტის" სტრატეგიული განვითარების მიმართულების ოფიცერი ილია ენუქაშვილი განმარტავს, რომ კომპანიას ამის უფლება არსებული კანონმდებლობით ჰქონდა, რადგან საქართველოში ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი მოქმედებს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა გვქონდა 5G-ის დანერგვის უფლება. საქართველოში მოქმედებს ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი, ანუ ნებისმიერ მობილურ სიხშირეზე შეგვიძლია ნებისმიერი ტექნოლოგია გამოვიყენოთ. ამას ადასტურებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განცხადებაც, რომელიც სულ სხვა მხრივაა უცნაური და აპელირებს ხარისხზე, რომელიც გაუგებარია როგორ იზომება. ზოგადად, ნებისმიერ ოპერატორს აქვს ამის უფლება და ჩვენ გავაკეთეთ სიხშირეების ე.წ ოპტიმიზაცია და მოვახერხეთ 5G-ის გაშვება.
რაც შეეხება, აუქციონში მონაწილეობას, არ მივიღეთ მონაწილეობა, რადგან აუქციონის პირობებმა ვერ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები. ეს ეხებოდა, როგორც მხოლოდ ამ სიხშირეებზე ვირტუალური ოპერატორების დაშვებას, ისევე ტექნიკურ მოთხოვნებს დაშვების შესახებ. მოთხოვნა, რომ ჰქონდეს სასწაული დაფარვა, როცა მომხმარებლის მხოლოდ 10%-ს აქვს შესაბამისი ტელეფონი, არ მიგვაჩნია ლოგიკურად.
აუქციონი იყო სიხშირეებზე რასაც ჰქონდა კონკრეტული პირობები, მაგრამ ზოგადად პირობები რომლებიც აქვს მობილურ ოპერატორებს არის ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის მატარებელი.
აქვე ვიტყვი, რომ 5G ტექნოლოგია მსოფლიოში ბევრგან გაეშვა, მაგრამ ოპერატორების მხრიდან ამას არ აქვს ერთგვაროვანი შეფასება, რადგან არ მართლდება მოლოდინები. ამიტომ, ჩვენ ფრთხილად ვეკიდებით და გვინდა, ეტაპობრივად დავნერგოთ ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნების ადეკვატურად" - განაცხადა ილია ენუქაშვილმა ,,საქმიან დილაში".
შეგახსენებთ, კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანია "სილქნეტი" "ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურებას ვერ დანერგავს.
"სილქნეტის" მომხმარებლებისთვის მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვა, მხოლოდ მობილურ ტელეფონზე 5G ნიშნის გაჩენით იქნება შესამჩნევი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სხვაობას აბონენტები ვერ იგრძნობენ", - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
ინფორმაციისთვის: 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, მარეგულირებელმა მობილური სიხშირული ლიცენზიების მოდიფიცირება განახორციელა, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პირობით, ანუ ლიბერალიზაცია, რომლის ფარგლებშიც კომპანიის განმარტებით უფლება აქვთ დანერგონ ნებისმიერი ის ტექნოლოგია, რომელიც არის სტანდარტიზებული და ჰარმონიზებული ევროკავშირის ფარგლებში