მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჰუალინგ ჯგუფის” საგადასახადო შეღავათზე პარლამენტი მსჯელობს

624d8cdb99b52
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.22 17:20
1140
დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს კანონპროექტზე, რომელიც ჰუალინგ ჯგუფის საგასახადო შეღავათის მოქმედების ვადებს ეხება. საუბარია საგადასახადო შეღავათზე, რომელიც „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში 2012 წელს გაჩნდა. ამ კანონით და “ჰუალინგ ჯგუფის” მიერ საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმებით, კომპანია 10 წლის განმავლობაში თავისუფლდებოდა გადასახადებისგან იმ ობიექტებზე, რომელთაც ის შეთანხმების შესაბამისად 2015 წლის თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ააშენებდა. პროექტი აერთიანებს ოლიმპიური სოფლისთვის აშენებულ კორპუსებს, ასევე სასტუმრო ჰუალინგ პლაზას.

დღეს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა განუცხადა, რომ 2012 წელს მიღებულ კანონს ჰქონდა ხარვეზი, რადგანაც ის ზუსტად არ განსაზღვრავდა, თუ საიდან იწყებოდა იმ 10-წლიანი პერიოდის ათვლა, რა ვადაშიც “ჰუალინგ ჯგუფი” ამ პროექტის ფარგლებში თავისუფლდებოდა გადასახადისგან. მისი თქმით, ახალი კანონი ადგენს, რომ 10-წლიანი პერიოდის ათვლა დაიწყება ამ პროექტზე სამშენებლო ნებართვის გაცემის დღიდან, რაც 2013 წლის აგვისტოდან აითვლება. ანუ კომპანიას საგადასახადო შეღავათი არა 2012 წელს, არამედ 2013 წელს დაუსრულდება.

ამ კანონით ზუსტდება შეღავათის გამოყენების ვადა, რაც არც კანონში არაა მითითებული და არც შეთანხმებაში. კანონპრროექტით შეღავათი ვრცელდება მშენებლობის დაწყების თარიღიდან. მშენებლობის ნებართვა კი გაიცა 2013 წლის აგვისტოდან.

"ხელშეკრულებაში წერია, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ოლიმპიური სოფელი მოეწყო და 2015 წელს ჩატარდა ოლიმპიური ფესტივალი, იქ განთავსებულ ობიექტებს ეხება. ეს მოიცავს სასტუმროს და იქ არსებულ ზონას. სხვა ობიექტები იქ არ არის, შესაბამისად ჰუალინგ ბანკსაც არ ეხება, რადგან ის საინვესტიციო ხელშეკრულებაში არაა მოხსენიებული. ოლიმპიური სოფლის მშენებლობაზე არის საუბარი შეთანხმებაში.

გეტყვით იმ შემთხვევაში თუ ეს შეღავათი არ გავრცელდებოდა, რა [საგადასახადო] თანხაზე იქნებოდა საუბარი. ამოვიღეთ ფინანსური მონაცემები და ვნახეთ, რომ კომპანიას პირველი 4 წელში მოგება არ ჰქონია, რადგან ინვესტიცია განახორციელა და მოგება ბუნებრივია, არ ექნებოდა. მოგება დაეწყო 2017 წლიდან. მას მოგება არ გაუნაწილებია. დასაბეგრი მოგება არ წარმოშობია, რადგანაც რეინვესტირება განახორციელა.

თანხობრივად მინიმუმ ეს შეიძლება იყოს 1 მლნ ლარი, მაქსიმუმ 5 მილიონ ლარამდე, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ბრუნვა და მოგება ექნება.

კომპანიას შეღავათიან პერიოდში აკუმულირებული მოგების განაწილება შეეძლება გადასახადის გარეშე,”- თქვა დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვაზე პასუხისას ბარათაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები