ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Huawei-მ ახალი თაობის, ულტრაგანიერი დასაკეცი სმარტფონი Pura X Max-ი დააანონსა. მისი პრეზენტაცია ოფიციალურად ჩინეთში 20 აპრილს იგეგმება. აღსანიშნავია, რომ მოდელი უჩვეულო პროპორციებით გამოირჩევა. ანალიტიკოსები მას Apple-ის ჯერ კიდევ არ გამოსულ დასაკეც სმარტფონს უკვე ადარებენ და ამბობენ, რომ Huawei ამერიკულ კონკურენტს ჩინურ ბაზარზე სწორედ Pura X Max-ით გაუწევს.
არსებული ინფორმაციით, ულტრაგანიერი დასაკეტი სმარტფონი სტანდარტული მართკუთხა ფორმისგან განსხვავდება და პასპორტის პროპორციებს იმეორებს. გავრცელებულ კადრებში მოწყობილობის უკანა პანელზე სამი კამერა ჩანს, თუმცა მათი ტექნიკური მახასიათებლებისა და, ზოგადად, ტელეფონის ზუსტი ფასის შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის ვიზუალი 2020 წელს გამოსულ Microsoft Surface Duo-ს წააგავს, თუმცა Huawei-ს ახალი პროდუქტი Surface Duo-საგან განსხვავებით ერთიანი ეკრანით გამოირჩევა.
პარალელურად, ინდუსტრიის ექსპერტები Apple-ის პირველი დასაკეცი სმარტფონის გამოსვლას ელიან. სავარაუდოდ, აღნიშნული მოდელიც მსგავსი განიერი ფორმატის იქნება და მისი ფასი $2000-დან დაიწყება.
ცნობისთვის, ამერიკული სანქციების ფონზე, Huawei აშშ-ის ბაზარზე ოპერირებას ვერ ახერხებს. შესაბამისად, დასავლელი მომხმარებლებისთვის დასაკეცი მოწყობილობების ბაზარზე Apple-ის მთავარ კონკურენტად კვლავ Samsung-ი რჩება.




























