ჩინურმა ტექგიგანტმა Huawei-მ ინდუსტრიის პირველი სამ ეკრანიანი სმარტფონი კუალა-ლუმპურში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. პრეზენტაციაზე ახალი სმარტფონი სიმბოლურ გამარჯვებად შეაფასეს, იმ ფონზე, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ტექნოლოგიური კონკურენცია სულ უფრო მზარდია.
მიუხედავად წარმატებული წარდგენისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი სმარტფონის ფასი, გამძლეობა და საოპერაციო სისტემა მოწყობილობის წარმატებას შეაფერხებს.
კერძოდ, Huawei-ის ახალი, სამ ეკრანიანი მობილური Mate XT, რომელიც კომპანიამ 5 თვის წინ დააანონსა, €3499 ეღირება. სმარტფონს Huawei Trifold-ად მოიხსენიებს, თუმცა მოწყობილობა სამი მინი-პანელისგან შედგება და, რეალურად, ორჯერ იკეცება. კომპანიის განცხადებით, Mate XT ბაზარზე არსებულ კეცვად მოწყობილობებს შორის ყველაზე თხელია, სრულად გაშლილზე კი Apple-ის iPad-ის მსგავსია.
სანქციების გამო Huawei-ს დასავლურ ჩიპებსა და Google-ის სერვისებზე წვდომა არ აქვს, რაც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Huawei-სთვის დიდი დაბრკოლება იყო. სწორედ ამ გამოწვევების ფონზე აფასებენ Mate XT-ის გამოშვებას, როგორც სიმბოლურ გამარჯვებას.
Huawei ჩინეთის პირველი გლობალური ტექკომპანიაა და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე რბოლაში მნიშვნელოვან როლსაც ასრულებს. 2019 წლიდან ვაშინგტონმა კომპანიას ამერიკულ კომპონენტებზე წვდომა შეუზღუდა, რითაც ბრენდი მომხმარებლისთვის ნაკლებად ღირებულად იქცა.
International Data Corporation-ის ვიცე-პრეზიდენტ ბრაიან მას მიაჩნია, რომ Huawei Mate XT, რომელიც კომპანიამ პირველად გასულ წელს, სექტემბერში, iPhone 16-ის გამოსვლის პარალელურად წარადგინა, მაღალ საფასო კატეგორიაში ახალ ტრენდად ქცევას ვერ შეძლებს.




























