სამხრეთკორეულმა ავტოკონცერნებმა Hyundai-მ და Kia-მ Apple-თან თანამშრომლობა უარყვეს თვითმართვადი ავტომობილის წამოებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ავტოკონცერნების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ თვითმართვადი ავტომობილის წარმოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს, თუმცა, ეს პროცესი საწყის ეტაპზეა და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, KIA-ს აქციების ღირებულება თითქმის 15%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2001 წლის შემდეგ, შესაბამისად ავტოკონცერნის საბაზრო კაპიტალიზაციამ 5.4 მილიარდი დოლარით დაიკლო.
განცხადებამ ასევე ნეგატიური გავლენა იქონია Hyundai-ზე. შედეგად კომპანიის აქციების ღირებულება 6.2%-ით შემცირდა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია - 2.8 მილიარდი აშშ დოლარით.
Apple-ს კი კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple-ი ავტოკონცერნ KIA-ში 3.6 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდების გეგმავდა. გამოცემა წერდა, რომ აღნიშნული გარიგება 17 თებერვალს შედგება, ხოლო ავტომობილების წარმოება 2024 წლიდან დაიწყება.